მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორი ხდება საზოგადოება

5696486e7d8c4
BM.GE
13.01.16 15:49
1363
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ბათუმელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების წევრებთან უშუალო კომუნიკაცია და იმ პრობლემების განხილვა, რომელიც ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს თუ სამომავლო კონცეფციის შემუშავებას ეხება.
 
აჭარის მთავრობის ცნობით, "დაიცავი ბულვარის" საინიციატივო ჯგუფის წევრ ბათუმელებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე განხორციელდა.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სთავაზობს საინიციატივო ჯგუფს ერთი კვირის ვადაში განსაზღვროს და წარმოადგინოს თავიანთი წევრები ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავების სპეციალურ კომისიაში. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმელების ნდობით აღჭურვილი წევრების კომისიაში მუშაობა უკვე ნიშნავს კონცეფციის შეცვლის შესაძლებლობასა და სასურველი მიმართულებით წაყვანას, რადგან ისინი ამ კომისიაში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი. შიშისა და ეჭვების აღმოსაფხვრელად, ახალი შემადგენლობის კომისიას შეეძლება პირველივე შეკრებაზე განიხილოს კონცეფციის წარმოდგენილი ვერსია და ცვლილებები შეიტანოს სპეციალური აქტის მიღებით. კომისიის ახალ შემადგენლობას მიღებული კონცეფციის შესრულების მონიტორინგის წარმოების უფლებაც მიენიჭება, რაც საზოგადოების სრულ ჩართულობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

მთავრობის გადაწვეტილებით დღეიდან ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორი ხდება საზოგადოება, ბათუმელები, რომლებიც უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი ბულვარის განვითარების კონცეფციის სამუშაო ჯგუფში, რაც არის უნიკალური შემთხვევა ჩვენი ქალაქისათვის. ბათუმელებისგან დაკომლექტებული კომისიის პირველივე შეკრებისთანავე შესაძლებელი ხდება კონცეფციაში ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება. კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე შესაბამისი აქტების საფუძველზე შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა. მიმდინარე სამუშაოები კი დასრულდება იმ ფორმით, რომ საფრთხე არ შეექმნას 2016 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მთავრობა რეალურად ითვალისწინებს ხალხის აზრს და საბოლოოდ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას“, - ნათქვამია ბათუმის მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.