12.იანვარი .2023 16:25

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა - რაში დაიხარჯება თანხა?

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა - რაში დაიხარჯება თანხა?
views 401
უკან

2023 წელი აჭარისთვის ტურისტულად გამორჩეული იქნება, რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით 60%-ით მეტი დაიხარჯება, ვიდრე გასულ წელს, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"ტურიზმი რჩება პრიორიტეტად და გაზრდილი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას ჯეროვნად ვუმასპინძლოთ. აღვნიშნავ, რომ წელს ვმასპინძლობთ ტურიზმის ოსკარის დაჯილდოების გალა ღონისძიებას, ასევე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ყველაფერი გაკეთდება, რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ყველა ღონისძიებას. ასევე, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩვენს დღის წესრიგში, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დაგეგმილი“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა.

წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორიცაა:

• World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია

• ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა

• 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი

"მიმდინარე წელს, აქტიურად მოხდება აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება-პოპულარიზაცია, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედია საშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება. ასევე, ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით მოხდება აჭარის პოპულარიზაცია. რეკლამის ბიუჯეტი წელს 83%-ითაა გაზრდილი.

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება წელსაც პრიორიტეტული იქნება და ამ მიმართულებით 51%-ით მეტი დაიხარჯება, ხოლო სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 43%-ით მეტი", - თქვა რიჟვაძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა