მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრების არითმეტიკა - 1,629,582 აცრა არ უდრის 1,629,582 აცრილს

61459e070173c
BM.GE
18.09.21 12:05
1576
საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში სულ 1,629,582 აცრა ჩატარდა. აცრების მთლიანი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად stopcov.ge-ისა და NCDC-ის მიერ ახლდება. ნიშანდობლივია ფაქტი, რომ stopcov.ge-ზე ქვეყნდება აცრების მთლიანი რაოდენობა და არა ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტი მკითხველი სწორედ ამ სტატისტიკას ჰყავს, შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩატარებული აცრების რაოდენობა გააიგივოს ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობასთან.

თუმცა, ვაქცინაციის შესახებ ბევრად უფრო დეტალური მონაცემების ნახვა შესაძლებელია NCDC-ის ვებგვერდზე, რომლის მიხედვითაც 15 მარტიდან დღემდე ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიღებული აქვს 940,424 ადამიანს. ხოლო ორჯერადად ვაქცინირებულია 689,424 ადამიანი.

შესაბამისად, ორჯერადად აცრილებზე ჯამში ათვისებულია 1,378,848 დოზა ვაქცინა. ხოლო ამ დროისთვის მხოლოდ ერთჯერადად აცრილებზე გამოყენებულია 251,000 დოზა ვაქცინა. მხოლოდ ერთჯერადად აცრილი ადამიანები პირველი დოზის მიღებიდან მაქსიმუმ 28 დღის შემდეგ მეორე დოზითაც აიცრებიან.

NCDC-ის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაციის ძირითადი ნაწილი მოდის მეორე დოზებზე და არა პირველ დოზებზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19,273 აცრა ჩატარდა, საიდანაც 5,330 იყო პირველი დოზის ვაქცინაცია, ხოლო 13,943 აცრა კი მეორე დოზის ვაქცინაცია. ეს კი თავისმხრივ პირველად ვაქცინაციაზე შემცირებულ მოთხოვნაზე მეტყველებს.

რაც შეეხება მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიას - ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 18 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 32.9% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24%.

თუკი ვაქცინაციის რაოდენობას მთლიან მოსახლეობაზე ვიანგარიშებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ერთი დოზით მაინც აცრილია საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 25.22%, ხოლო ორჯერადად აცრილია მთლიანი მოსახლეობის 18.5%.