მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოში - "პროდუქტიულობის 43%-ს უმოძრაოდ ტოვებთ მაგიდაზე"

5f673e26071d7
ელენე კვანჭილაშვილი
20.09.20 16:00
1776
მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის (HCI) განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პანდემიამდე პერიოდში არსებულ ადამიანური კაპიტალის განვითარებას აფასებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.57-ია, რაც მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი “ანალიტიკასთან” სწორედ ახალ ინდექსზე საუბრობს. მისი თქმით, ადამიანური კაპიტალის ინდექსს ნაწილობრივ შეგვიძლია შევხედოთ, როგორც პროდუქტიულობის ინდექსს.

“ეს ინდექსი რეალურად იმას აჩვენებს, რომ პროდუქტიულობის 43%-ს უმოძრაოდ ტოვებ მაგიდაზე იმით, რომ არ აფინანსებ განათლებას და ჯანდაცვას. საქართველოს მსგავსად, ბევრი ქვეყანა ეხვევა ე.წ. საშუალო შემოსავლების მახეში. ზრდა თავიდან ძალიან სწრაფია, თუმცა შემდეგ ჩერდება და ამ ქვეყნებს ძალიან უჭირთ უკვე შემდგომ ეტაპზე - ანუ მაღალი შემოსავლების სტატუსის მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა. განათლების და ჯანდაცვის სისტემების გამართვა საქართველოსთვის ამ ჯგუფში გადასვლის ბილეთია. ასე შესაძლებელია უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან მოსახლეობა ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს გაზრდის ხელფასებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას”,- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელი მეტია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემზე და ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (რომელიც 0.54-ს შეადგენდა), ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე შედარებით დაბალია. საქართველოში განათლების ხარისხის ზრდა, რომელიც ბოლო დროს საერთაშორისო შეფასებებშიც აისახა, ქვეყანას დაეხმარება გაუტოლდეს რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს.