18.ივნისი .2021 09:43

ADB საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში $20 მლნ ინვესტიციას ახორციელებს

ADB  საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში $20 მლნ ინვესტიციას ახორციელებს
views 257
უკან

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა სს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში. მიღებული თანხა მოხმარდება ტირაჟირებული ევრობონდების რეფინანსირებას, რომელიც რკინიგზის ხაზების გაუმჯობესებისთვის იქნა გამოშვებული და მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია.

ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი მწვანე ობლიგაციების ნაწილს. ეს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ორგანიზაციის და ამავდროულად სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

“საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანს ქმნის,“ — განაცხადა შანტანუ ჩაკრაბორტიმ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების დირექტორმა. — “მწვანე ობლიგაციების გამოშვება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს განაგრძოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, რადგან ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი და უსაფრთხო სარკინიგზო ტრანსპორტი.“

“ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერას წინ უძღოდა ADB-ის ტექნიკური დახმარება, რომელიც საქართველოს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დაგეგმვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ტრანსპორტის ორგანიზაციების ისტორიაში, საქართველოს რკინიგზამ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. მადლობას ვუხდით ADB-ის, რომელმაც როგორც წამყვანმა ინვესტორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“

საქართველოს რკინიგზა ერთადერთი სარკინიგზო კომპანიაა საქართველოში და მისი 100%-იანი წილის მფლობელია საპარტნიორო ფონდი — საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი. საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას, სხვადასხვა სახის ტრანსგადაზიდვას უმეტესად კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო მგზავრთა მომსახურებას.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა