28.აპრილი .2021 10:54

ADB 2021 წელს საქართველოს ექსპორტის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს

ADB 2021 წელს საქართველოს ექსპორტის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს
views 442
უკან

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს შესახებ საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, რაც ორგანიზაციის მიერ სექტემბერში პროგნოზირებულ 4.5%-იან ზრდასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის შესახებაც აკეთებს პროგნოზს. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით, სავარაუდოდ, 7.1%-ით გაიზრდება. 

"მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით", - ნათქვამია ანგარიშში.

2020 წელს საქართველოს ექსპორტმა $3.34 მილიარდი დოლარი შეადგინა, 7.1%-იანი ზრდის შედეგად წელს ექსპორტი $3.57 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტი $820 მილიონი დოლარი იყო, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.6%-ით აღემატება. 

საქართველოში ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის თქმით, წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მთავარი ფაქტორი ვაქცინაციაა. 

“ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა," - ამბობს როზენტალი.

"ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.

მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%-ით, ხოლო 2022 წელს 3.9%-იან ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს," - ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა