მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის გრანტით საქართველო PCR ტესტირებისთვის საჭირო $495,000-იან აღჭურვილობას მიიღებს

5efc817d87abc
თელარა გელანტია
01.07.20 16:25
758
აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სრულიად ავტომატიზირებული მაღალი წარმადობის ე.წ. PCR ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ქვეყანაში (კოვიდ-19-ის) პანდემიის გავრცელების შეჩერების ღონისძიებების გატარების მიზნით.

როგორც bm.ge-ის ADB-დან აცნობეს, აღჭურვილობას, რომლის ღირებულება 440,000 ევროა (დაახლოებით $495,000 აშშ დოალრი), საქართველოს კომპანია Roche Diagnostics Turkey, A.S. მოაწვდის და ის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

„საქართველომ გამორჩეულად წარმატებულად უპასუხა პანდემიის გამოწვევებს, ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის ხელშეწყობის გზით,“ - ამბობს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი და მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში შეინ როზენტალი. „ბანკის გრანტით შეძენილი აღჭურვილობა გაზრდის ქვეყანაში ტესტირების ჩატარების შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია, ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნის და ეკონომიკის აღდგენის პირობებში.“

„მოხარულნი ვართ, რომ ახალი აღჭურვილობა გაზრდის ეროვნული ლაბორატორიის შესაძლებლობებს დღეში 2000 ტესტამდე და შეამცირებს დიაგნოსტიკის ვადებს,“ - ამბობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია. „მზად ვართ, საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების საშუალებით გავზარდოთ საპასუხო ქმედებები კოვიდ-19-ის შეჩერების, მისი დადგენისა, და საჯარო ჯანდაცვის სისტემის მზაობის გასაძლიერებლად.“

აღჭურვილობის შეძენა მოხდება გრანტის თანხით მიმდინარე ტექნიკური დახმარების ფარგლებში: 2019 წლის კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციისა და სხვა გადამდებ დაავადებათა შესაძლო გავრცელების შეჩერების რეგიონული ხელშეწყობა. გრანტის თანხა დაემატება კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამის ფარგლებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 28 მაისს დამტკიცებულ $100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.