მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის მმართველთა საბჭომ ბანკის ფინანსური ანგარიში დაამტკიცა

5ec7b8bbc0f3a
BM.GE
22.05.20 15:30
842
დღეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭომ, ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეულ პირველ ვირტუალურად ჩატარებულ წლიურ შეხვედრაზე ADB-ის ფინანსური ანგარიში და 2019 წლის სუფთა მოგების განთავსება დაამტკიცა.

როგორც ADB-ის პრესრელიზშია ნათქვამი, დამტკიცება მმართველთა საბჭოს 53-ე წლიური შეხვედრის პირველ ეტაპზე მოხდა – ბიზნეს-სესიაზე, რომელსაც ADB-ის 68 წევრიდან მმართველი ან სპეციალური წარმომადგენელი ესწრებოდა.

წლიური შეხვედრის მეორე ეტაპი, მმართველებთან და მთავრობების სხვა ოფიციალურ პირებთან, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, სამეცნიერო წრეებსა და მედიასთან სემინარების გამართვა 2020 წლის 18-21 სექტემბრისთვის ინჩეონში, კორეის რესპუბლიკაშია დაგეგმილი.

"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევაა ჩვენი განვითარებადი წევრებისთვის კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ეკონომიკების მდგრადი განვითარების გზაზე დასაბრუნებლად. დღეს თქვენს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიში და სუფთა მოგების განთავსება უზრუნველგვყოფს ინსტრუმენტებითა და ფინანსური სტაბილურობით იმ უდიდესი გამოწვევის საპასუხოდ, რაც ახლა ჩვენს რეგიონში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს და ეკონომიკურ მდგომარეობას აზარალებს", — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში.

მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია 2019 წელს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან მიღებული 1.069 მილიარდი აშშ დოლარის სუფთა მოგების — ბანკის ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავლის — განთავსების შესახებ. 2019 წელს მიღებული განთავსებადი სუფთა მოგება 2018 წლის 841.4 მილიონი აშშ დოლარის მოგებას აჭარბებს, რაც ძირითადად სასესხო ოპერაციებისა და ლიკვიდური ინვესტიციების, ასევე არასუვერენული ოპერაციების სასესხო დანაკარგების შემცირებული მაჩვენებლების დამსახურებაა.

"განთავსებადი სუფთა მოგება შემდეგნაირად განაწილდება: 615.7 მილიონი აშშ დოლარი ჩვეულებრივ რეზერვში მოხვდება, რაც ADB-ის ძირითად კაპიტალურ შესაძლებლობას გააძლიერებს და შექმნის შემოსავლის ბაზას სუფთა მოგების მისაღებად; 259.5 მილიონი აშშ დოლარი განთავსდება აზიის განვითარების ფონდში, რომელიც ADB-ის დაბალი შემოსავლის მქონე წევრ ქვეყნებს გრანტებით უზრუნველყოფს; 130 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდისთვის, რომელიც სტაბილურ და პროგნოზირებად დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ADB-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, ისევე როგორც უზრუნველყოფს გაზრდილ დახმარებას კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის; 30 მილიონი აშშ დოლარი რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ფონდში ჩაირიცხება; 24 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა კლიმატის ცვლილების ფონდისთვის, ხოლო 10 მილიონი აშშ დოლარი — აზია-ოკეანეთის კატასტროფებზე რეაგირების ფონდისთვის.

მმართველებმა ასევე დაამტკიცეს ბანკის წლიური ფინანსური ანგარიში. ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსების ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წელს $1.1 მილიარდი შეადგინა, გაზრდილი მაჩვენებელი 2018 წლის $889 მილიონთან შედარებით. 2019 წელს სუფთა მოგებამ $1.554 მილიარდი შეადგინა 2018 წლის $750 მილიონთან შედარებით. ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების კოვიდ-19-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს ჩვენი მიმდინარე საპასუხო საქმიანობის შესახებ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია ADB-ის განცხადებაში.