მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB "საქართველოს ბანკს" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად $100 მილიონს გამოუყოფს

61b2f3c5b41d8
მარიამ ვარადაშვილი
10.12.21 11:00
569
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) “საქართველოს ბანკთან” ხელი მოაწერა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად.

ADB-ის ცნობითვე, დაფინანსების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალ მეწარმეებზე და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე საჭირო ფინანსებზე პანდემიით გამოწვეული გახანგრძლივებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით.

“სრული დაფინანსება მოიცავს $200 მილიონის ოდენობის სესხს (ან მის ექვივალენტს ლარში), რომელიც ADB-ის, როგორც წამყვანი ორგანიზატორის მიერაა კოორდინირებული და შედგება $100 მილიონის სესხისგან ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და $100 მილიონის სესხისგან, რომელიც გაიღო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA). ეს პროექტი JICA-სთვის პირველია 2012 წლის შემდეგ საქართველოში განხორციელებული კერძო სექტორის ინვესტირებისა და დაფინანსების ფარგლებში,” - ნათქვამია განცხადებაში.

ADB-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია. ქალ მეწარმეებს კი განსაკუთრებით უჭირთ ფინანსურ სახსრებზე წვდომა ბიზნესის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის.

“ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს საუკეთესო პარტნიორებთან, რომელთა მიზნები ემთხვევა ჩვენს მიზნებს,“ - განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის მიმართულებით აშოკ ლავასამ.

„ამ შემთხვევაში ორივე ორგანიზაციის მიზანია, მიაღწიოს ფინანსებზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას, გენდერულ თანასწორობას, სამუშაო ადგილების შექმნას და შეღავათიანი ფინანსური სერვისების მიწოდებას. ეს პროექტი ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება.“

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სიუზან გაბურის თქმით, პროექტი გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ხელს შეუწყობს:

„ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ბანკს „ქალები ბიზნესში“ პროგრამის დანერგვაში მიკრო, მცირე და საშუალო ქალი მეწარმეებისთვის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენის შესარბილებლად.”

„მოხარული ვარ ADB-სა და JICA-სთან წარმატებული თანამშრომლობის გამო, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მეტად საჭირო გრძელვადიანი დაფინანსება", - აცხადებს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების მიმართულებით სულხან გვალია.

მისივე თქმით, ეს JICA-თან მათი პირველი თანამშრომლობაა - “მოხარული ვართ, რომ 2012 წლიდან დღემდე მათი კერძო სექტორის ინვესტირებისა და დაფინანსების სქემის პირველი პარტნიორი გავხდით საქართველოში. მადლობას ვუხდი ADB-სა და JICA-ს და მოუთმენლად ველი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას."