მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა

63551d8c19803
ეგნატე შამუგია
24.10.22 19:00
1773
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ღიაობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩართულია საგარეო ვაჭრობაში და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება არ არის და ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ადგილობრივი მოხმარებასაც აკმაყოფილებს. რეგიონიდან საქართველოს ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ღიაობის მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან 72-ე ადგილს იკავებს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ნიშნულს ნაწილობრივ რეგიონში არსებულ მდგომარეობა განაპირობებს, რადგან ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები სწორედ რეგიონიდანაა. მაგალითად, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და რეგიონის მიღმა ჩინეთი. ეს უკანასკნელი უკვე მეორე წელია საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა. სავაჭრო სალდო კი ისტორიულად უარყოფითია - ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს.
 
ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2022 წლის პირველი სამი კვარტალი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ზემოთ ვახსენეთ საქართველო უფრო მეტი ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს. თუმცა, იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან ნაწილი რეექსპორტზე გადის. რეექსპორტის დიდი წილი სამეზობლოში - აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტირებული ავტომობილები და საქართველოდან ბულგარეთსა და რუმინეთში გატანილი მეტალის მადნებია. ბუნებრივია, რეექსპორტიც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება, მაგრამ არა ისე, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ადგილობრივ სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. რეექსპორტი არა უშუალოდ რეექსპორტიორი ქვეყნის, არამედ სხვა ეკონომიკური ერთეულის ექსპორტია. აღნიშნულიდან სარგებელს რეექსპორტიორი ქვეყანაც იღებს. მაგალითად, ასეთია რეექსპორტის მომსახურება, ხოლო ფისკალურ ნაწილში კი დაბეგვრიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები.

2022 წელს პირველ სამ კვარტალში მთლიანი ექსპორტი 4 097.2 მლნ აშშ დოლარია, სადაც 2 814.1 მლნ დოლარი, 68.7% ადგილობრივი ექსპორტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 2 166.5 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ექსპორტის 72.7% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის 29.9%-იანი ზრდაა, ხოლო რეექსპორტი 57.4%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში იმპორტი უფრო მეტით, 34.4%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწყებულ მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის 25.8%-იანი ზრდა იყო, ხოლო რეექსპორტის კი - 19.4%-იანი. მიმდინარე წელს, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, რეექსპორტი 20.7%-ითაა გაზრდილი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის კი - 68.3%-ით. ამ პერიოდში იმპორტის ღირებულება 39.9%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ რეექსპორტის შედარებით დაბალი ზრდა ნაწილობრივ სომხეთის მიერ 2020 წლიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებულ გადასახადს და შესაბამისად, ამ ნაწილში რეექსპორტის კლებასაც უკავშირდება.

ფიგურა 3: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, 2022 წლის პირველი სამი კვარტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი საქონელი და მომსახურების საექსპორტო ქვეყნები და მათი წილი განსხვავებულია, ვიდრე მთლიანი ექსპორტი. მიმდინარე წლის პირველ სამი კვარტლის მიხედვით, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთია, სადაც იანვარ-სექტემბერში 541.9 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.4%-იანი ზრდაა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ სამი კვარტალის მიხედვით, ადგილობრივ ექსპორტში ჩინეთის წილი 19.3%-ია. ჩინეთის შემდეგ, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, რომლის წილმა მთლიან ადგილობრივი ექსპორტში 14.2% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 400.4 აშშ მლნ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 3.0%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის მხრივ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპორტის ზრდის მაღალი ნიშნული თურქეთში იყო, სადაც 2022 წლის პირველ სამ კვარტალში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 47.1%-ითაა გაზრდილი და 325.4 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში თურქეთის წილი 11.6 %-ია. ამდენად, მიმდინარე წლის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტში 45.1%-იანი კონტრიბუცია სწორედ ხსენებულ სამ ქვეყანას გააჩნია. ეს კი ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში ნაკლებად დივერსიფიცირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

საქართველოს ძირითადი ადგილობრივი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია, რომელიც იანვარ-სექტემბერში 1 178.3 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.7%-იანი ზრდაა. ამ პერიოდის ადგილობრივი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობები ექსპორტის 41.9%-ია. ამდენად, სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი არამხოლოდ რეექსპორტის კუთხითაა ძირითადი საექსპორტო საქონელი, არამედ ადგილობრივ ექსპორტში მაღალი წილი უჭირავს. გარდა ინდუსტრიული წარმოებისა, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია სოფლის მეურნეობა. კერძოდ, ღვინო და თხილის ექსპორტი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 172.8 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 6.1%-ია. ამ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი მხოლოდ 4.3%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში თხილი და კაკლის ექსპორტის ღირებულებამ 57.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის მხოლოდ 2.0%-ს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული საქონლის ექსპორტის ღირებულება 68.4 მლნ აშშ დოლარი იყო.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სპილენძის მადნების და ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. თუმცა, ადგილობრივ ექსპორტშიც სპილენძის მადნების წილი თვალსაჩინოა. პანდემიის პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის წილი გაზრდილი იყო, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ეს უკანასკნელი შემცირებულია, რადგან რეექსპორტი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი. ჯამში, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივმა ექსპორტმა 2 814.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.9%-ითაა გაზრდილი და მთლიანი ექსპორტის 68.7%-ს შეადგენს. იანვარ-სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი ამავე პერიოდის ეკონომიკის მოცულობის 16.1%-ია. აღნიშნული პანდემიამდე პერიოდთან შედარებით მაღალ ნიშნულს იკავებს.