22.ნოემბერი .2020 13:40

ადგილობრივი ინვესტორებისთვის უამრავი სახელმწიფო პროგრამაა - ხიდურელი „FDI გრანტზე“

views 556
უკან

19 ნოემბერს მთავრობამ უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ დაამტკიცა. ცნობილია, რომ პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მართალია, ახალი პროგრამის შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჯერჯერობით, არც პროგრამის ბიუჯეტია ცნობილი, მაგრამ უკვე ცნობილია, დარგები, რომლებიც ამ მექანიზმით ისარგებლებენ და ასევე, გაკეთდა გარკვეული შეფასებებიც, მათ შორის იმაზეც, რატომ სთავაზობს ახალ მექანიზმს მთავრობა მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს და არა - ადგილობრივებს.

"მთავრობის გადადგმული ნაბიჯები თითქოს მიმართულია ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისკენ, მაგრამ ადგილობრივი კომპანიებიც, მოქმედი ბიზნესმენებიც ვართ ის პოტენციალი ქვეყნისთვის, ვისაც შეგვიძლია ქმედითი, სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ და გავაჯანსაღოთ ეკონომიკა“, - განაცხადა bm.ge-ისთან გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა სანდრო რატიშვილმა.

ახალი პროგრამა რომ მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს ეხება, ეს კითხვებს უჩენს BLC-ის იურისტ ქეთი ქვარცხავასაც. „თუ ასუბსიდირებ, ალბათ ძალიან დისკრიმინაციულია, რომ მხოლოდ უცხოელებს დაუსუბსიდირო. ზოგადად, სუბსიდირება ძალიან რთული თემაა, რადგან ის მოითხოვს ძალიან ბევრ ეტაპზე ისეთი პროცესების წარმართვას, რაც არ გამორიცხავს კორუფციას და მიკერძოებულ პროცესს. მარტივი არ იქნება ამ პროცესის მართვა ისე, რომ კითხვები არ გამოიწვიოს", - აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ bm.ge-ისთან ინტერვიუში.

„ადგილობრივი ინვესტორებისთვის აურაცხელი სახელმწიფო პროგრამაა“, - ეს კი უკვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოსაზრებაა, რომელიც პირდაპირ - არა, მაგრამ ამ ფორმით პასუხობს კრიტიკოსებს.

მიხეილ ხიდურელი ირწმუნება, რომ „FDI გრანტი, რომელიც სააგენტოს მრავალთვიანი შრომის შედეგად შემუშავდა, იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღების დამატებითი, მნიშვნელოვანი ელემენტი“, ხოლო მექანიზმი ისეთია, რომ ყველა რისკს ფარავს.

„ბევრი თვე ვიმუშავებთ ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან, რადგან ასეთი პროგრამა მარტივად გასატანი არაა... არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩემი აზრით, როდესც ქეყანას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებულიი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ასეთ დროს, საჭიროა, დამატებითი ხელსაწყო და ეს ხელსაწყო არის ე.წ. FDI გრანტი, რომელიც მუშაობს „ქეშ ბექის“ პრინციპით. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივი კომპანიებისთვის გვაქვს უამრავი პროგრამა - როგორც გრანტები, ასევე, სუბსიდიები, გარანტიები და ა.შ.“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი "Forbes კვირასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქართველოში ადგილობრივი ბიზნესისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. 



ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.programs.gov.ge . „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ 20-ზე მეტ სახელმწიფო პროგრამას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა