14.სექტემბერი .2021 22:18

ადგილობრივი წარმოების ფქვილზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა - წისქვილი „ბარაქა“ მიზეზებზე

ადგილობრივი წარმოების ფქვილზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა - წისქვილი „ბარაქა“ მიზეზებზე
views 311
უკან

წიქვილკომბინატ „ბარაქაში“, რომელიც სენაკში 100-მდე ადამიანს ასაქმებს და თვიურად 2 500 ტონა ხორბალს ამუშავებს, ადგილობრივი წარმოების ფქვილზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ, მიზეზად კი რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდას ასახელებენ.

წისქვილის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბიძინაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ფქვილის იმპორტის ზრდიდან გამომდინარე ადგილობრივი წარმოებებისთვის იმ რისკებს ასახელებს, რის გამოც შესაძლოა წისქვილკომბინატების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი დაახლოებით 25%-ითაა გაძვირებული და ნებისმიერი მწარმოებლისთვის ეს პრობლემაა, რადგან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ არის ისეთი მარტივი, რომ დღეს ხორბლის გაძვირების შემთხვევაში ხვალ საბრუნავი საშუალებები გავზარდოთ. გარდა ამისა რუსეთში, რომელიც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა, დამატებითი მცურავი ბაჟია ამოქმედებული, რომელიც ამ კვირის ჭრილში 52 დოლარს შეადგენს. ფქვილის იმპორტის შემთხვევაში კი არანაირი ბაჟი არ არსებობს. აქედან გამომდინარე რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ წარმოებებს ხელი შეუწყო და წაახალისა, რადგან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის ფქვილის იმპორტი უფრო მიმზიდველი გახდა, ვიდრე ხორბლის იმპორტი და შემდეგ გადამუშავება. შედეგად ფქვილის იმპორტი გააქტიურებულია და უფრო მეტიც, გაორმაგებულია.

ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებელს რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა გაჩერება მოგვიწიოს, რადგან უშუალოდ ფქვილის იმპორტზე გადასვლა მოგვიწევს და არა ხორბლის იმპორტი და წარმოება. კერძო კომპანიებს თვეების განმავლობაში ზარალზე მუშაობის რესურსი არ გვაქვს“, - განმარტავს ვლადიმერ ბიძინაშვილი.

მისი თქმით, ფქვილის იმპორტისას მისი მარაგების გაკეთება იმ მოცულობებით რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საკმარისი იყო, შეუძლებელია.

„მაგალითად ხორბლის შემთხვევაში თუ შესაძლებელია სილოსებში შენახვა და 2-3 თვის განმავლობაში რამდენიმე ათასი ტონა დასაწყობება, ფქვილის შემთხვევაში ასეთი რაღაც შეუძლებელია, რადგან საქართველოში ფქვილის შემნახველი არ გაგვაჩნია.

ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნა დღეისთვის 20%-ით შემცირებულია. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 5 ლარით იაფია იმპორტირებული ფქვილი.

ადგილობრივი წარმოების პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება დაახლოებით 68-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან ფქვილის იმპორტისას პირველი და მეორე ხარისხის ფქვილის შერევის ხარჯზე პროდუქტზე ფასი იკლებს და დაახლოებით შემოსული ფქვილის ღირებულება 59-63 ლარია“, - განაცხადა წისქვილკომბინატის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლებს არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამინისტროსთან აქტიური შეხვედრები აქვთ. ვლადიმერ ბიძინაშვილი გამოსავლის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ნაწილში დიდი როლი სახელმწიფოს აკისრია.

„ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ უკუბეგარის დაწესებაა, როგორც რუსეთს ხორბალზე აქვს დაწესებული, მაგრამ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეს არ შეგვიძლია. სახელმწიფო უწყებები უკეთ გადაწყვეტენ რა ღონისძიება შეიძლება გავატაროთ, რომ რაც არის ბეგარა, იმის საპირწონე გადასახადი გვქონდეს, თუნდაც იმპორტირებულ მზა პროდუქციაზე, ადგილობრივი წარმოებების გაჩერება რომ არ მოხდეს. აქ საუბარი ყველა იმ პროდუქტზეა, რომელიც ხორბლის, ქერის და სიმინდის გადამუშავებით იწარმოება, როგორიც არის მაგალითად ცხოველების მზა საკვები, რომელსაც ასევე გარკვეული პრობლემები ექმნებათ, რადგან მარცვლეულის იმპორტის დროს მწარმოებლები დამატებით ბეგარას იხდიან, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანისას ეს გადასახადი არ არის“, - განმარტა წისქვილის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამ და სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად მწარმოებლებისთვის ხორბლის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია, თუმცა გარკვეული საკითხების გამო ეს პროცესი ფერხდება.

„დივერსიფიცირების ნაწილში ერთადერთი პრობლემა დღესაც და გასულ პერიოდებშიც რუსული ხორბლის ღირებულებაა, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველია სხვა ქვეყნის ხორბალთან მიმართებით. ამიტომ გვიწევს რუსული ხორბლის შემოტანა. ფასიდან გამომდინარე ყველაზე ახლო ბაზრები ყაზახეთი და უკრაინაა, თუმცა ყაზახეთიდან ხორბლის ტრანსპორტირება ძალიან ძვირი ჯდება; რაც შეეხება უკრაინას, მათ ადგილზე დაახლოებით 30-50 დოლარამდე ფასთა შორის სხვაობა აქვთ, რადგან უფრო სხვა სამიზნე მომხმარებელი ჰყავთ“, - უთხრა BM.GE -ის წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა