04.მაისი .2020 21:10

"ადგილობრივმა წარმოებამ უნდა შეამციროს წნეხი ფასებზე" - ფაქტორები, რის გამოც პროდუქტები გაძვირდა

views 1101
უკან

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათის ჯგუფში 16%-ით გაზრდილმა ფასებმა მოახდინა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ყველაზე მაღალი ზრდა ხილისა და ყურძნის კატეგორიაში დაფიქსირდა(45,4%). ამასთან წინა წლის აპრილთან შედარებით რძე, ყველი და კვერცხი გაძვირებულია 23,2%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული კი 16,9%-ით. ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მომხმარებელს 15%-ით გაზრდილი ფასის გადახდა მოუწია.



წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ჰქონდა ჯანმრთელობის ჯგუფში ფასების ცვლილებასაც. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში სამედიცინო პროდუქცია 8,4%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 4,4%-ით გაძვირდა.



ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება ძირითადად ლარის გაუფასურებამ და ინფლაციურმა მოლოდინებმა განსაზღვრა, თუმცა ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ჰქონდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიერ ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებსაც.

„სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი გაიზარდა 16%-ით. ეს საკმაოდ მაღალი ზრდაა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ხილის და ყურძნის კატეგორიაში, სადაც ფასები გაიზარდა ძალიან მნიშვნელოვნად.

ძირითადი ამხსნელი ფაქტორი ფასების ზრდის არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამ წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ლარი 18%-ით გაუფასურდა, პირველი 4 თვის განმავლობაში გვაქვს შედარებით მცირე 12%-იანი, მაგრამ მაინც გაუფასურება.

როგორც რძის, ისე ხილის კატეგორიაში საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებისა, მაინც გაძვირდა ეს პროდუქტი. იყო სხვა ფაქტორებიც, კერძოდ ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ექსპორტზე სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორების მიერ.

ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვში პრობლემები, გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გარკვეულ რეგონებში; მაგალითად ქვემო ქართლი, რომელიც ბოსტნეულის უმსხვილესი მწარმოებელია, ასევე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებიც შეფერხდა იგივე საშვების გაცემის საკითხის გამო. აგრარული ბაზრების დახურვაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ხილის და ბოსტენულის შეძენა ძირთადად ხდება აგრარულ ბაზრებზე და რომელიც ახლა დახურულია ამ პროდუქტებმა გადაინაცვლა მარკეტებში, სადაც ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე აგრარულ ბაზრებში. 

კიდევ ერთი ფაქტორია ინფლაციური მოლოდინები. მოსახლეობაში ფასების ზრდის გარკვეული მოლოდინები იყო, რის გამოც ქცევა იყო იქითკენ მიმართული, რომ შეექმნათ მარაგები, რაც კიდევ უფრო ზრდის წნეხს ფასებზე და იწვევს ფასების გაზრდას", - აცხადებს ISET-ის უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი. 

მისი თქმით, მომავალი თვიდან ადგილობრივი წარმოება გაიზრდება და ბაზარზე შემოვა ადგილობრივი ხილი, ბოსტნეული, რაც შეამცირებს თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს. პროგნოზი კი არის ასეთი, თუ პარტნიორმა ქვეყნებმა არ გაამკაცრეს საექსპორტო პილიტიკას ადგილობრივმა წარმოებამ უნდა შეამციროს წნეხი ფასებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა