26.აპრილი .2021 12:00

Adjara Group-ის $13.5 მილიონის ინვესტიცია Rooms Hotel Abastumani-ში

Adjara Group-ის $13.5 მილიონის ინვესტიცია Rooms Hotel Abastumani-ში
views 1385
უკან

აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი“ დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება. პროექტი დაახლოებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც რეგიონული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აბასთუმნის უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარე სასტუმროში, დაახლოებით 76 ოთახთან ერთად, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. Rooms Hotel Abastumani-ის რესტორანი და ბარი კი სტუმრებს შესთავაზებს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის ფერმიდან-მაგიდაზე კონცეფციის გასტრონომიულ პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება ჯანსაღ კვებაზე.

Rooms Hotel Abastumani-ს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ობიექტები და პროგრამები. საერთაშორისო ტენდენციებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის“, - წერია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



აღსანიშნავია, რომ აჭარა ჯგუფის ჰოლდინგსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 23 აპრილს Rooms Hotel Abastumani-ს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა სასტუმროს შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

კომპანია ასევე Wings and Freeman Capital-თან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციიდან (DFC) დაფინანსების მოზიდვაზე თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც Rooms Hotel Abastumani-ს განვითარება განხორციელდება.

„აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, კომპანია აბასთუმნის სასტუმროს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს. ამასთან ერთად, კომპანია მოწვეულ ექსპერტებთან გამაჯანსაღებელი ტურისტული სერვისებისა და უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა