22.აგვისტო .2019 20:25

ადვოკატი: მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის, ანაკლიის ხელმძღვანელობაში, ეს მიზანი ასრულდა

views 234
უკან

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პროკურატურამ "თიბისის" საქმეზე ბრალი დააზუსტა, რაც მათი ადვოკატის ზვიად კორძაძის განმარტებით თავდაპირველად წარდგენილი ბრალის დადგენილებაში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჩამატებას გულისხმობდა.

"ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა, შინაარსიც.

იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა – ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას.

მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს.

პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა თავისი საქმე. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია. ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით", - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილებას მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა ჩაიბარა. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება. 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. 

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). 

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა