მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატი: პირი, რომელმაც ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, მზადაა ჩვენების მისაცემად

5dad7263e3472
დავით ჯალაღონია
21.10.19 12:52
2215
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა, გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს. ამის შესახებ კორძაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, მზად არის მივიდეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება “, - განაცხადა კორძაძემ.

მისი განმარტებით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

„არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან, შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გიორგი გახარია არის თუ არა ის პირი, რომელიც უშუალოდ იყო მუქარის ავტორი, თუ – პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი საქმე არაა და არ ვიცით. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა.