10.სექტემბერი .2019 18:00

ადვოკატი: „ხაზარაძისთვის გაგზავნილ „გახარიას წერილზე“ უამრავი პირის ანაბეჭდი აღმოჩნდა“

views 2093
უკან

მამუკა ხაზარაძის მიერ ლონდონში გაგზავნილი იმ წერილის ლაბორატორიული დასკვნა, რომელიც ბიზნესმენის თქმით, მან მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, უკვე თბილისშია.

როგორც მამუკა ხაზარაძის ადვოკატი სტივენ ქეი „მთავარ არხთან“ აცხადებს, ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე უკვე იციან, ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები, რომელიც წერილზე აღმოჩნდა. შესაბამისად, როგორც ქეი ამბობს, საგამოძიებო უწყებას არ უნდა გაუჭირდეს მათ კვალზე გასვლა.

„წერილი მთლიანად იქნა შესწავლილი და მასზე აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები, ეს ანაბეჭდები გადაღებულია და გადანახულია დოკუმენტებად. საბოლოო დასკვნა ლაბორატორიიდან უკვე არსებობს და ის მე ჩამოვიტანე თბილისში.

ჩვენ გვაქვს მოცემულობის მთელი ჯაჭვი წერილზე, რომელიც მიიღო მამუკამ. ვიცით, ვისია თითის ანაბეჭდები. კითხვა რჩება მხოლოდ მათზე, ვინ არის გამგზავნი. ეს ანაბეჭდები უნდა გაანალიზოს იმ ორგანომ, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, სადაც შეუძლიათ ამ ანაბეჭდების გაშიფვრა და იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნის ეს მასალა და გააკეთონ შედარებები.

პროკურატურას არ უნდა გაუჭირდეს მათ კვალზე გასვლა და მათთვის კითხვების დასმა. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და ეს არის პროკურატურისთვის, რომ მათ მოახდინონ იდენტიფიცირება, მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ ვინმესკენ ხელი გავიშვირო, მაგრამ ფაქტია, ეს არის დიდი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება. ვინც მიიღო მონაწილეობა და დაწერა ეს წერილი კარნახით, მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მიიღეს მონაწილეობა ასეთი მუქარის შემცველი წერილის დაწერაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა.

ბიზნესმენის კიდევ ერთი ადვოკატი ეკატერინე ეგუტია აცხადებს, რომ წერილზე უამრავი ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი, რომლის იდენტიფიცირება მხოლოდ ქართველ სამართალდამცველებს შეუძლიათ.

„სახეზე გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის ლაბორატორიული ანალიზი, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა პირის ანაბეჭები, მრავალი სხვადასხვა პირის, რომელთა იდენტიფიცირებაა საჭირო. ეს იდენტიფიცირება მხოლოდ ქართული სამართალდამცველების დახმარებით შეიძლება მოხდეს, რადგან საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდები გააჩნია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს“, - განმარტავს ეკატერინე ეგუტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა