მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აეროპორტი უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის განვითარებას და არა კონკრეტული კომპანიის მომგებიანობას“ - კაკაურიძე

6462181bc6519
ელენე გოგბერაშვილი
15.05.23 15:58
819
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი აეროპორტის აშენებას აანონსებს. ფინანსთა მინისტრი პროექტის მნიშვნელობას იმით ხსნის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება და აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება და მასში ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე მთავრობას გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ ააშენებს აეროპორტს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პროექტისთვის შესაბამისი სახსრების გათვალისწინება, არც წელს და სავარაუდოდ, არც მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდება.

„წელს და არც მომავალ წელს დიდი ალბათობით, არ იქნება დაწყებული კონკრეტული სამშენებლო სამუშაო, თუმცა კვლევები და შესაბამისი საჭიროებები განისაზღვროს წელს და მომდევნო წელს და ამის შემდეგ ვისაუბროთ. ის, რომ საქართველოს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, ეს ფაქტია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს.

სახელმწიფო განახორციელებს პროექტს, თუ ინვესტორი ეს გამოჩნდება იმის მიხედვით, თუ რა მზაობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით რა მზაობა იქნება ინვესტორების მხრიდან. მთავარი მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვნად ვიყოთ შებოჭილი. აეროპორტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და არა კონკრეტული კომპანიის მომგებიანობაზე იყოს ორიენტირებული“,- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.