მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფერხებს თუ არა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას არჩევნების ფაქტორი - გაბუნიას პასუხი

616fd6fdb00a9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 13:36
788
ვაქცინაციის სავალდებულოობა - ეს ერთ-ერთი საკითხია, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსაზრებები განსხვავებულია. NCDC-ის ხელმძღვანელი ხშირად იმეორებს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა და ასევე, დარწმუნებულია, რომ ე.წ. „მწვანე ზონების“ მოდელიც დაინერგება, რაც ვაქცინაციის გააქტიურებისთვის გარკვეული ირიბი შეზღუდვაა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში კი თვლიან, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევაა და ჯერჯერობით, არც ე.წ. „მწვანე ზონების“ შემოღებას განიხილავენ. მთავრობას გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს ბიზნესი - მათ შორისაა ყველაზე მსხვილის ბიზნესგაერთიანება - BAG.

აქედან გამომდინარე, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BMG-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა - მსჯელობს თუ არა საკოორდინაციო ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხზე და რამდენად არის არჩევნები გადაწყვეტილების მიღებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი, ასევე, რამდენადაა მოსალოდნელი, რომ არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით, მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ არჩევნები, პოლიტიკური პროცესები და ვაქცინაცია ერთმანეთთან პირდაპირ თანხვედრაში არ არიან, თუმცა მათ შორის გადაკვეთის წერტილები არსებობს.

„ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შევხედოთ ვაქცინაციის და ეპიდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპს, რასაც პარალელურად პოლიტიკური პროცესები მიჰყვება. ვაქცინაციის დასაწყისში, პირველადი კომუნიკაციის ეტაპზე მოსახლეობის 40% თავისივე გადაწყვეტილებით აქტიურად მივიდა და აიცრა. ჩვენ გვახსოვს, ეს რამდენად აქტიური იყო.

ახლა შემდეგ ეტაპზე გადავედით, როდესაც კარდაკარის პრინციპით ვცდილობთ, მოვიზიდოთ ის 30%, რომელიც ასაცრელად განწყობილია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ჯერჯერობით, ვერ აიცრა, მათთან მეტი მუშაობაა საჭირო და ესეც იქნება ნოემბრის ბოლომდე;

შემდეგ მესამე ეტაპი მოდის, როდესაც მეტად რეზისტენტული ჯგუფი რჩება, ვინც არ ექვემდებარება მარტივ საინფორმაციო კამპანიას.

ეს ფაზები არჩევნებსა და პოლიტიკური პროცესების ფაზებს როგორ დაემთხვევა მეორე ამბავია, მაგრამ მიზნობრივად ეს არჩვენების პროცესის დასრულებასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენ რამდენიმე არჩევნების პროცესი პანდემიის მიმდინარეობის ფონზე გავიარეთ. ვერ ავაწყობთ პანდემიის გეგმას არჩევნების გეგმასთან მიმართებით. ერთადერთი არჩევნების დროს მობილობის გაზრდაა და ამ რისკების გადაზღვევას ვცდილობთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე - რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიზნესის ინტერესებსა და მოთხოვნებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კერძო სექტორის პოზიციები მათთვის საინტერესოა, თუმცა ვაქცინაციის კამპანიაში ბიზნესმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.

თამარ გაბუნიამ დღესვე, ვაქცინაციის თემაზე, კერძო სექტორთან შეხვედრები დაანონსა.

„ბიზნესის პოზიცია ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. გვსურს, მიმდინარე პერიოდში ბიზნესთან კონსულტაციები უფრო გავააქტიუროთ. ჩვენი შეფასებით, ბიზნესგარემოში არსებობს რესურსი, რომ მოტივაციით, მცირედი წახალისებით, კოლეგის და მეგობრის გამოცდილებით, ამ ჯგუფების გარკვეული ნაწილი დამატებითი მარეგულირებელი ბერკეტების გარეშე მოვიცვათ, ამიტომ ბიზნესთან კომუნიკაცია, პირველ რიგში, ამაზე გვინდა. თუ საჭიროა ჩვენგან მეტი აქტივობა მობილური ბრიგადების და ორგანიზებული აცრების სახით, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. დამატებითი მარეგულირებელი ბერკეტების შემოტანაზე მეტად, ჩვენთვის მნიშნელოვანია ბიზნესის პოზიციის და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. მაგალითად, ლატვიას ზომების გამკაცრება იმის გამო მოუხდა, რომ მეტად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, ჩვენი პოზიცია ის არის, რომ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალური სიზუსტით აღსრულდეს“, - განმარტა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ნოემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება.