მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 7 კონტაქტი ზუგდიდში გადმოიყვანეს"

5e8452f3b3627
ინგა მურუსიძე
01.04.20 12:45
674
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 7 კონტაქტი ზუგდიდში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე“, - განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 7 ადამიანი.

„აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“, - აღნიშნა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედაეწერში თერმოსკრინინგი.

„ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.