მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მთავრობაში საჭირო აქტივობები არ განხორციელდა, მაგრამ თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოები მაინც გაიცა

5e0651d9141d4
BM.GE
27.12.19 22:40
954
აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე დეპარტამენტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით დარღვევები გამოავლინა, კერძოდ, როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ:

„არ ფიქსირდება გაწეული პრაქტიკული დახმარებები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სასოფლო სამეურნეო კოოპერატიულ საქმიანობაში ჩასართავად; სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე შვიდ კოოპერატივში დასაქმდა 15 იძულებით გადაადგილებული პირი, რაც არასაკმარისი და არაეფექტიანია სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დასაქმების ხელშეწყობის პრობლემის მოსაგვარებლად;

არ დასრულებულა მუშაობა დევნილთა საარსებო წყაროს მოძიებისა და თვითდასაქმების ინფორმაციული ბაზის, შექმნაზე. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან ბიზნესპროექტებში ჩართულობის მსურველთა მონაცემების ბაზაში შეტანილია მხოლოდ სამი პირის მონაცემები;

არ შემუშავებულა/განხორციელებულა აფხაზეთიდან დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი პროექტები;

არ ფიქსირდება ხელშემწყობი ღონისძიებები დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მიზნით“.

როგორც აუდიტის ჯგუფის დასკვნაში წერია, პასუხისმგებელი პირების მიერ მათზე დაკისრებულიმოვალეობების არასათანადო შესრულებისა და ხელმძღვანელობისმხრიდან პროცესებზე არასაკმარისი, სუსტი კონტროლის გამო, დევნილთა საქმეებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტების აქტივობებმა ვერ უზრუნველყო დებულებებით განსაზღვრული ამოცანების დროულად, სრულად და ეფექტიანად განხორციელება.

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება შეუსრულებელი/განუხორციელებელი აქტივობები თანამშრომლებზე სრულად გაცემულია შრომის ანაზღაურება და მათ შორის, ფულადი ჯილდო (დანამატი). კერძოდ:

„დევნილთა საქმეების დეპარტამენტში დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილებების 13 თანამშრომელზე ანაზღაურებულია 123,270 ლარი. მათ შორის ხელფასი – 114,690 ლარი, პრემია – 4,525 ლარი და სოციალური დახმარება ფულადი ფორმით – 4,055 ლარი.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობის ხელშემწყობი განყოფილების და სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საარსებო წყაროს მოძიებისა და პროექტების მართვის ხელშემწყობი
საკონსულტაციო-საინფორმაციო განყოფილების 6 თანამშრომელზე ანაზღაურებულია 51,922 ლარი. მათ შორის ხელფასი – 51,132 ლარი და პრემია 790 ლარი“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც არ განხორციელებულა სათანადო აქტივობები, შრომის ანაზღაურების ხარჯების საბიუჯეტო მუხლით შესაბამის მოსამსახურეებზე გაცემული თანხები ფაქტობრივად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი და არამიზანშეწონილი ხარჯია.