04.ივლისი .2022 22:43

აფხაზეთის რესპუბლიკაში დაწესებულებებმა აუდიტის რეკომენდაციების შესრულება 53%-ით შეამცირეს

აფხაზეთის რესპუბლიკაში დაწესებულებებმა აუდიტის რეკომენდაციების შესრულება 53%-ით შეამცირეს
views 316
უკან

აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით აუდიტი ჩაატარა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით დაწესებულებებს რეკომენდაციები მისცა. ანალიზიდან ირკვევა, რომ 2021 წელს დაწესებულებებმა რეკომენდაციების მხოლოდ 8% შეასრულეს, რაც 2020 წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 53%-ით არის შემცირებული. 

ამასთან, 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, დარღვევების თანხობრივი მოცულობა 2021 წელს 333 ათასი ლარითაა გაზრდილი.

„ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ყველა აუდიტის ობიექტიდან შემოვიდა სხვადასხვა ოფიციალური ინფორმაცია. ჩატარებული ანალიზით, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ ცალკეული ორგანიზაციის კუთხით გარკვეული გაუმჯობესების ტენდენციები შეინიშნება, თუმცა საერთო ჯამში მდგომარეობა ჯერ კიდევ შორსაა სასურველისაგან.

კერძოდ, ყველა მხარჯავი დაწესებულების მიხედვით, ჯამში 2021 წელს გაცემული რეკომენდაციების 8%-ია შესრულებული, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 17%-ს შეადგენდა, ანუ რეკომენდაციების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 53%-ით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს გაცემული რეკომენდაციების (13 რეკომენდაცია) 77% (10 რეკომენდაცია) გაიცა წლის ბოლოსათვის, მიმდინარე სტატუსის მატარებელია და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მათი შესრულება.

ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ − 1,870 ათასი ლარი, მათ შორის, არასწორად აღრიცხულმა თანხამ შეადგინა 1,121 ათასი ლარი, არარაციონალურად, არაეკონომიურად განკარგულმა თანხამ − 749 ათასი ლარი, ხოლო ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა 1,837 ათასი ლარის დაზოგვა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან (3,374 ათასი ლარი) შედარებით, საგრძნობლად, 333 ათასი ლარითაა გაზრდილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა. ამასთანავე, არასწორი აღრიცხვით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა 967 ათასი ლარითაა შემცირებული. ამავდროულად, არარაციონალურად, არაეკონომიურად", - წერია ანგარიშში.

აუდიტი ასევე წერს, რომ 2020 წელს 33 რეკომენდაცია გაიცა, რომელთაგან შესრულდა 19 (58%), ჩამოიწერა − 13, ხოლო ერთი − მიმდინარე სტატუსის მატარებელი იყო. 2021 წელს კი გაიცა 13 რეკომენდაცია, რომელთაგან შესრულდა ერთი (8%), ხოლო 12 რეკომენდაცია წლის ბოლოსათვის იყო გაცემული, რის გამოც მათი შესრულების ვადები ჯერ არ დამდგარა.

აუდიტმა 2021 წლის ბიუჯეტის ყოველკვარტალური ანალიზი აფხაზეთის შემდეგ უწყებებში განახორციელა: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო; აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატი; აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო; აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სამინისტრო; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა