მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აღარ გვაქვს ნდობა, აღარ ვიცით ვის ველაპარაკოთ, სახელმწიფო გახდა კედელი“ - ღამის კლუბები

61c34fd8749a5
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 20:17
581
„აღარ გვაქვს ნდობა, აღარ ვიცით ვის ველაპარაკოთ, სახელმწიფო გახდა კედელი“ - ამის შესახებ ღამის კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

„დაპირება, რომ ჩვენ გავიხსნებოდით ყველაზე მკაცრი რეგულაციებით, დიდი ხანია არის, უბრალოდ დღეს გადაწყდა რომ საერთოდ არ გავიხსნებით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და გამოვხატავთ პროტესტს, აღარ გვაქვს ნდობა, სახელმწიფო გახდა კედელი, იმის მიღმა ადამიანები აღარ არიან, ვისაც შეიძლება განუმარტო, თუ რა არის პრობლემა.

ჩვენ ეს პროცესი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, განვუმარტეთ მთავრობას რომ კლუბის გახსნა შუქის ჩართვა არ არის, მას სჭირდება მოსამზადებელი პერიოდი. წინასწარ ზუსტი თარიღი არ უთქვამთ, თუმცა ვიცოდით, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გავხსნილიყავით და ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ამასაც ბოლო მოეღო“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ განაცხადა.

ცნობისთვის, კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ უმოქმედოდ არიან. სხვადასხვა პერიოდში ისინი მთავრობას გახსნის მოთხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი მოლაპარაკებების შედეგად, გახსნის გადაწყვეტილების მიღებას 17 დეკემბერს ელოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. დღესაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად ღიბრაძე ვირუსის ახალ შტამს ასახელებს.