მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოსავლეთ პარტნიორობა: რეფორმების განახლებული დღის წესრიგი

60e15b28c22ca
BM.GE
04.07.21 10:54
616
3 ივლისს ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები უახლოეს წლებში.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს დღის წესრიგი ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა საფუძველი არის მდგრადობა, როგორც ეს 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის განისაზღვრა. მას გაამყარებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით.

„ეს წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვას, მათ შორის 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებებების ხელშეწყობას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს და რომელიც მომავალსაც მოერგება. ჩვენი მუშაობის საფუძველი იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“.

თავის მხრივ, ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ამზადებენ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს.

„გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“, - თქვა მან.

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეძღვნება, 2025 წლისთვის ათი მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით. ამ სფეროებში შედის 500,000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით 250,000 ოჯახში, უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80%-ში, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტის, მკვლევარისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს.

რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID პანდემიის შემდგომ სოციალურ – ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესი აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს ფლაგმანურ ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

წინაპირობები

აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის. პარტნიორობა განვითარდა თითოეული პარტნიორის ინტერესების, მისწრაფებების და წინსვლის შესაბამისად, რამაც საშუალება მისცა დიფერენცირებას, მაგრამ მოქნილი და ინკლუზიური გზით, საერთო და გლობალური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.

2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე -5 სამიტზე შეთანხმებული ამბიციური გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და ხალხის ცხოვრება გააუმჯობესა. მომავალ დღის წესრიგზე მუშაობა 2019 წელს ფართო და ინკლუზიური კონსულტაციებით დაიწყო. ამის შედეგად მიღებულმა ერთობლივმა კომუნიკაციამ: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება - აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის და საბჭოს გადაწყვეტილებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის პარტნიორობის ახალი ხედვა ჩამოაყალიბა - სიცოცხლისუნარიანობა, როგორც ძირითადი პოლიტიკის ჩარჩო და გრძელვადიანი პოლიტიკის ხუთი ამოცანა, რომელიც 2020 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე იყო აღიარებული (ეკონომიკა და კავშირები, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, ეკოლოგიური და კლიმატური მდგრადობა, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები).

შემდეგი ნაბიჯები

წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება.