მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

5e85928c9296e
BM.GE
01.04.20 21:00
690
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობენ შექმნილ ვითარებაში:

"ამ რთულ დროში, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხალხს საქართველოში და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში კონკრეტული სარგებელი მოუტანა. კერძოდ:

• მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საყრდენია და 2009 წლიდან ევროკავშირის დახმარებით 40 000 – ზე მეტმა ქართულმა მცირე და საშუალო საწარმომ უკეთეს პირობებში მიიღო სესხები თავიანთი საქმიანობის გასაზრდელად, შემოსავლის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად;

• 2013 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებული იყო ბაზრის მოთხოვნილებები. 30 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შესაბამისი პროფესიული კურსები გაიარა და შრომის ბაზრის ინსტრუმენტები, როგორიცაა Worknet.ge გამოიყენა, რაც დასაქმებაში დაეხმარა;

• ევროკავშირის დახმარებით პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 76 საზოგადოებრივი ცენტრი დაარსდა, სადაც პატარა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ 90 000 – ზე მეტ მოქალაქეს გაუმარტივდა წვდომა 200 საჯარო და საბანკო მომსახურებაზე; მათ ასევე შეუძლიათ უფასო ინტერნეტით და ბიბლიოთეკებით სარგებლობა.

• თითქმის 7,500 სტუდენტმა და აკადემიური სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში. 9,300-ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი საქართველოდან იღებს მონაწილეობას ერთობლივ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებისა და მოხალისეობრივ პროექტებში.
ჩვენმა პარტნიორობამ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სარგებლობის მოტანა რომ განაგრძოს, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უკეთესად ვიმოქმედოთ. პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად, გასულ წელს ჩავატარეთ კონსულტაციები ჩვენი რეგიონის 33 ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესებთან, ორგანიზაციებსა და მთავრობებთან. თუმცა მიღწეულმა შედეგებმა მაღალი შეფასება მიიღო, ასევე იყო ცხადი მოლოდინი, რომ გავაძლიერებთ თანამშრომლობას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა, ინვესტიციები, კავშირები, კარგი მმართველობა და საერთო გამოწვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მოიცავს.

დღეს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კონსულტაციების შედეგს წარვადგენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენი მუდმივი ურთიერთქმედება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სამომავლო წინადადებები არის ამბიციური, მაგრამ მისაღები. ისინი ემყარება არსებულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც წინ უნდა წავიდეთ. ისინი ეფუძნება ევროკავშირის პროექტის ძირეულ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონკრეტულად, ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ერთად ვიმუშაოთ შემდეგ ამოცანებზე:

• ერთად სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის: ეკონომიკის გაძლიერება საკვანძოა მოქალაქეების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, უთანასწორობის შესამცირებლად და ჩვენი პარტნიორობის წარმატების მისაღწევად. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, გაზრდილი ვაჭრობის, ინვესტიციების, უფრო მჭიდრო კავშირების საშუალებით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კერძო სექტორის საჭიროებებთან უკეთესი დაკავშირების გზით.

• ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოებისათვის: კარგი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და უსაფრთხოება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების, ისევე როგორც ძლიერი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.

• ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ: ჩვენი სამყაროს მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. ევროკავშირი იმუშავებს თავის პარტნიორებთან რესურს-ეფექტიანი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ადგილობრივი და განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად.

• ერთად სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციისკენ: ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელებას. ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასევე მიმართული იქნება ელექტრონული მმართველობის გაძლიერებაზე, ციფრული სტარტაპების მხარდაჭერის გააქტიურებასა და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხში მედეგობის მხარდაჭერაზე.

• ერთად სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისკენ: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე, მოქალაქეებზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციები დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკვანძო სფეროებზე ყურადღების გამახვილებას ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც საკმარისი ადგილი უნდა დაეთმოს;

იგი ხელს შეუწყობს თავისუფალ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ასევე მობილურობას და ხალხთა შორის კონტაქტებს. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მზარდი დეზინფორმაციის გამო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვაჭრობა ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თითქმის გაორმაგდა. 125,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა უშუალოდ ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით, რის შედეგადაც 250,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ან შენარჩუნდა. ჩვენ უკეთესად ვართ დაკავშირებულები გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირის და ასევე მაღალი სიმძლავრის ფართოზოლოვან ინტერნეტზე გაადვილებული წვდომის წყალობით. ბოლო კვლევების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეებისთვის ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია. ჩვენ შევინარჩუნებთ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას და ვეცდებით, ერთად კიდევ ბევრი რამ გავაკეთოთ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის კრიზისების შემთხვევაშიც, როგორიცაა COVID-19 პანდემია.

ყოველივე ზემოხსენებულის საშუალებით შევქმნით უფრო ამბიციურ აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს და ჩვენი საერთო კონტინენტის ქვეყნების დაახლოებას განაგრძობს.