მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

5ee7a26b9a698
BM.GE
15.06.20 21:10
750
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.

დოკუმენტში დეტალურადაა ასახული 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები.

მომხსენებლის თქმით, 2019 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.1 % შეადგინა.

2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 50 002.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 12.1 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 428.9 ლარს (4 763.5 აშშ დოლარი) შეადგენს.

წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა. აქედან ექსპორტი 3 765.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 065.5 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 300.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გაცვლით კურსთან დაკავშირებით მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 7.1 პროცენტით გაუფასურდა და 2.87 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გაუფასურდა 7.9 %-ით.

გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა მონეტარული აგრეგატების, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ.

წარმოადგინა სამინისტროების მიერ ნაერთი ბიუჯეტის, საგადასახადო და სხვა შემოსავლების შესრულების მაჩვენებლები, რაც მაღალი პროცენტით ხასიათდება.

მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით ხარჯვით ნაწილში შესრულებაზე, რომლის მაჩვენებელი 158 მლნ ლარზე მეტია და 102,9% შეადგენს.

რაც შეეხება წლევანდელ სიტუაციას, მომხსენებლის თქმით, დადებითი ტენდენციები გაგრძელდა წლის დასაწყისშიც, იანვარში 5,1% იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა თებერვლიდან დაეტყო პანდემიის გავლენა. თებერვალში დაიკლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, მარტში უარყოფითი მაჩვენებელი იყო, შესაბამისად ეს აისახა საგადასახადო შემოსავლებზეც.

მან ასევე ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელ კომპონენტებსა და ძირითად მიმართულებებზე, რაც ბიუჯეტში 3,4 მილიარდი ლარის ოდენობით აისახა.

სხდომაზე მოისმინეს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი სამინისტროების 2021 -2024 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზის ამსახველი ცხრილები.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე გამოიტანა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები მუდმივად გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდებოდა და ეს განსაკუთრებით 2019 წელს გამოჩნდა. მაგრამ 2020 წელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ტენდენცია.

„პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებზე და ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილებზე. 2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, ჯანმრთელობის დაცვის და ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დიაგნოსტირებისათვის საჭირო ხარჯებთან ერთად აუცილებელი გახდა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მარტის დასაწყისიდანვე დაიწყო მუშაობა ერთის მხრივ ბიუჯეტის არსებული პროგრამების შემცირებაზე და მეორეს მხრივ საერთაშორისო პარტნიორებისგან დამატებითი რესურსების მობილიზებაზე.

დღის წესრიგში დადგა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების საჭიროება, სადაც აისახება როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე ის ასიგნებები, რომლებიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის სხვადასხვა სფეროში, რაზეც მომხსენებელმა ასევე დეტალურად ისაუბრა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია დაინტერესდა სოფლის მეურნეობის დარგებში ბიუჯეტის არათანაბარი ათვისების საკითხით. კერძოდ, რატომ არის დაბალი ათვისება კოოპერატივებში, მაშინ, როდესაც კოოპერირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კონკურენტული პროდუქციის წარმოებისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა, რის საფუძველზე განისაზღვრა რთველის ხელშეწყობისთვის 65 მლნ ლარი და იქნება თუ არა ის საკმარისი. მისი აზრით, ასევე აუცილებლად უნდა გაიზარდოს „დანერგე მომავლის“ და სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი სფეროს დაფინანსება, რადგანაც, ოთარ დანელიას თქმით, „თუ სამაცივრე მეურნეობები არ გაკეთდა, ეს იქნება კატასტროფა. იმიტომ, რომ წელს უკვე, კენკროვანი კულტურების ჭარბი მოსავალი მიიღეს ფერმერებმა, რაც სამაცივრე მეურნეობის გარეშე გაუფუჭდებათ“.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ მან მომხსენებელს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დამატებით იმუშაონ და შესაბამისად ასახონ ბიუჯეტში. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხებს.