მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარული კომიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე პანდემიის გავლენას გამოიკვლევს

60781d893bf82
BM.GE
15.04.21 15:05
567
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე თემატური მოკვლევის დაწყების ინიცირება მოახდინა საკითხზე - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის წარმოებაზე, პროდუქციაზე მოთხოვნასა და მოხმარებაზე. მისი თქმით, თემატური მოკვლევის განხორციელების ინიციატორი ამავე კომიტეტის წევრი ხატია წილოსანია, რომლის თქმით, 2020 წელს პანდემიის ნეგატიური ზემოქმედებისა ზოგადად ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობა იყო ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, სადაც პოზიტივი დაფიქსირდა.

„ამის მიუხედავად, ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს გამოწვევები და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი იმისთვის, რომ უკეთესად მოხდეს დაგეგმვა, თუ სად უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ინტერვენციები და სად უნდა გაკეთდეს ის კონკრეტული ჩარევები, რომლებიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგების სტაბილურად განვითარებას და, მეორე მხრივ, აღმოაჩენს იმ საჭიროებებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მეურნეობის დარგის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. ასევე ქვეყანა მუშაობს ეკონომიკური განვითარების ათწლიან გეგმაზე და ჩვენ გვინდა, რომ ამ თემატური მოკვლევით სწორი მიმართულებები მივცეთ, სად უნდა განხორციელდეს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა დარგში და გარდა ამისა, კარგად გავაანალიზოთ რა იყო ის მთავარი ნეგატიური შედეგები, რამაც დარგის განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ამგვარად, თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მოკვლევის შედეგად მოხდება კორონავირუსის გავლენის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების მიზნით.

თემატური მოკვლევის სამოქმედო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 21 ივნისი, რის შემდეგაც დაგეგმილია კვლევის შედეგების პრეზენტაცია.