მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრიმარკეტი" - გადარჩეული აგრარული პროდუქტების მიტანის სერვისი

5ec1611fa3785
ანი ციხისთავი
18.05.20 09:45
1586
პანდემიის პერიოდში არაერთი ახალი ბიზნესი გამოჩდა. ერთ-ერთი ასეთი “აგრიმარკეტია”, რომელიც მომხმარებელს აგრარული პროდუქციის მიტანის სერვისს სთავაზობს.

კომპანია უკვე ერთი თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს. “ამ ბიზნეს იდეას ჩვენი გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა, პროექტის ჩაშვებას 2020 წლის ბოლოსთვის ვგეგმავდით, მაგრამ ვირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, გადავწყვიტეთ, კომფორტი შეგვექმნა მომხმარებლისთვის და გადარჩეული და უსაფრთხოდ შეფუთული პრიდუქცია სახლში მიგვეტანა”, - გვიყვება კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ჩიქავა.

“აგრიმარკეტში” პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყოველ დილით იძენენ.

„ბიზნეს მოდელი არ არის დაფუძნებული სასაწყობე შესყიდვებზე. ჩვენ არ ვიძენთ დიდ რაოდენობას, რადგან შენახვის შემდეგ პროდუქტი თვისებების ნაწილს კარგავს. ჩვენი გუნდი ძირითადი პროდუქტის შესყიდვებს ყოველ დილით ახორციელებს რეგიონალური დისტრიბუციის საშუალებით. ამის შემდეგ ხდება პროდუქციის გადარჩევა, მათგან კარგი ხარისხის პროდუქტის ამორჩევა. უსაფრთხოების მიზნით, პროდუქტს ვფუთავთ და ვიწყებთ მომხმარებლების მომარაგებას”, - ამბობს ჩიქავა bm.ge-ისთან.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, “აგრიმარკეტზე“ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია, რომ „აგრიმარკეტზე“ პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდეს მოთხოვნა, ირაკლი ჩიქავა ამბობს, რომ “აგრიმარკეტი არ არის მხოლოდ დელივერი სერვისი“. „ეს არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა. დელივერი მხოლოდ ფორმაა, პრინციპი კი - გადარჩეული პროდუქტის შეძენის შესაძლებლობაა”, - ამბობს ის.

ირაკლი ჩიქავამ ჩვენთან “აგრიმარკეტის” გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ფერმერებთან კონტრაქტების გაფორმება და მათი პროდუქციის სრულად შესყიდვაზე შეთანხმებაა. “გვინდა, ჩვენს ზედამხედველობაში იყოს პროდუქტების მოყვანის პროცესიც”, - აცხადებს ირაკლი ჩიქავა.

ამ ეტაპზე კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული. მიტანის სერვისით სარგებლობა დედაქალაქის გარდა მცხეთაში, საგურამოში, წყნეთსა და წავკისშია შესაძლებელი. თბილისში მომსახურების საფასური 5 ლარია, სხვაგან კი - 15 ლარი.