24.აპრილი .2020 22:30

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება და სამწლიანი ხდება

views 653
უკან

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამა სამწლიანი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70%, ხოლო ვაზზე 50% განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბენეფიციარი რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა ასევე ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.

2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფო თანადგომა. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა