მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო

5f1e76bcef9b6
თელარა გელანტია
27.07.20 10:40
1145
"კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ”, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა, რომელიც კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

როგორც მხარის რმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს, გამონაკლისები ხდება. დაზღვევის სიკეთე სწორედ იმაშია, რომ ასეთი გამონაკლისის შემთხევევაში, ფერმერი არის დაცული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში აკაკი მედულაშვილს, სეტყვის შედეგად, ყურძნის მოსავლის 95% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო. აკაკი მედულაშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 51,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან „ალდაგი“ მიიღებს. 5 ჰა-მდე ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 3103 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3103 ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.