მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს - სააგენტო

61498e12d59cc
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 19:55
463
სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ინფორმაციით, სეტყვით მიყენებელი ზარალის შესახებ კომპანიაში 1 200 შეტყობინებაა შესული, რომელთათვისაც კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ფერმერ დიმიტრი ბარაბანს ყურძნის მოსავალის 75% გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42 000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო. 5ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3 187 ლარს შეადგენს; 3 187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგრო-დაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

„წლიდან წლამდე იზრდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, შესაბამისად მზარდია დაზღვეული ფართობებიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა.

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მევენახე ფერმერს, რომელიც სახელმწიფო აგროდაზღვევის მოსარგებლეა, ზარალი აუნაზღაურდა, ის ასევე ერთჯერადი დახმარების თანხას მიიღებს.

„კახეთში, ძლიერი სეტყვასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ 1 200-მდე შეტყობინება შემოვიდა, ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, კომპენსაციების გაცემა“, - აღნიშნა სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ივანე ბუჯიაშვილმა. 

სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.
(NS)