მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროლაინი“ კაკლის ექსპორტზე გატანას გეგმავს

5f1ff1ebee542
ვიქტორია მღებრიშვილი
02.08.20 20:13
1779
კომპანია „აგროლაინი“ შემოდგომისთვის კაკლის გადამამუშავებულ საწარმოს აამოქმედებს. წარმოებულ მშრალი დაფასოებული კაკლის სამიზნე ბაზრებად ევროკავშირის ქვეყნები მოიაზრება. ამის შესახებ BM.GE-ის „აგროლაინის“ დამფუძნებელმა გიორგი მესხიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წელს კომპანია 500 ტონა კაკლის გადამუშავებას გეგმავს და საწარმოს წარმადობა ყოველწლირად 500 ტონით გაიზრდება.

„სამიზნე ბაზარი იქნება ევროპის ქვეყნები, იმიტომ, რომ იქ ფასი უფრო სტაბილურია, მოთხოვნა პროდუქტის ხარისხზე მაღალია და ჩვენც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების უფრო მეტი მოტივაცია გვექნება. კონკრეტულად მოლაპარაკებები ესპანეთთან და იტალიასთან მიმდინარეობს, თუმცა უშუალო გადაწყვეტილებას პროდუქციის რეალიზაციის დაწყებისას მივიღებთ.

რაც შეეხება კონკურენციას, ამ ბაზრებზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, შესაბამისად კონკურენტუნარიანი ვიქნებით“, - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2020 წელს მათი წარმოების კაკალი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„ვფიქრობთ, რომ წარმოებული პროდუქციის მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გავა, თუმცა პანდემიის გავლენის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით წელს შესაძლოა პროცედურები ცოტა გაგვირთულდეს ექსპორტის მიმართულებით და საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ რეალიზაცია“, - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

მისი თქმით, საქართველოში კაკალზე დიდი მოთხოვნაა და ბაზარი იმპორტირებული პროდუქტით არის გაჯერებული, ამიტომ „აგროლაინის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში მათი პროდუქტის რეალიზაციის მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.