26.აგვისტო .2019 19:15

აგროპროდუქციის ექსპორტის 35.5%–ით გაზრდა – სოფლის მეურნეობის სტრატეგიის პროექტის მიზნები

views 287
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით მოამზადა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი მოამზადა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სტრატეგიის მიზნებია:

1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები;
2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები.

ამ მიზნების მიღწევის შემთხვევაში, სტრატეგიული დოკუმენტის ავტორები ვარაუდობენ, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება 2027 წლისთვის 12 მილიარდ ლარს მიაღწევს, ანუ 2018 წლის მონაცემებთან 9.3 მლრდ ლარი) შედარებით 2.7 მილიარდით გაიზრდება.

ამასთან, სტრატეგიის პროექტის მიხედვით, აგროსასურსათო პროდუქტციის ექსპორტის 35.5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი – 959 მლნ–დან (2018 წელს) 1,300 მლნ აშშ დოლარამდე (2027 წელს).

დასახული მიზნების მისაღწევად კი დოკუმენტი იმ გამოწვევების ჩამონათვალს იძლევა, რაც ამ ეტაპზე დარგს აქვს.

„2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და ქვეყვნისთვის უპრეცენდენტო ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც ამ მიმართულებებით მსხვილ სახელმწიფო ინვესტიცებში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის ტიპის ტერიტორია კვლავ მრავალი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის: სტრუქტურული სისუსტეები; მეწარმეობის და დამატებული ღირებულების შექმნის დაბალი დონე; შრომატევადი და დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი; ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დაბალი მაჩვენებელი; სოფლად ინვესტიციების დაბალი დონე; სხვადასხვა სახის მომსახურებებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და მოძველებული ინფრასტრუქტურა; რეგიონული უთანასწორობის ზრდა; მოსახლეობაში სიღარიბეში ყოფნის მაღალი რისკები და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებები, გარემოს არასრულყოფილი დაცვა, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის ტერიტორიებს და მთლიანად ქვეყნას“, – წერია სტრატეგიის პროექტში.

სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც საპროგნოზო ბიუჯეტი 2021-2027 პერიოდისთვის არანაკლებ 2 მილიარდ ლარს შეადგენს. ხარჯები 2020 წელს დაზუსტდება.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დებატები 2019 წლის 30 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა