მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსფერო - თანამედროვე აგრო-განათლებისთვის“ – გიორგი დავლიანიძე „აგროსფეროს“ სტიპენდიატი გახდა ®

62f20cf2a3efc
BM.GE
09.08.22 11:34
964
გიორგი დავლიანიძე 23 წლისაა. იგი აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი. მანამდე ბაკალავრიატიც აგრარულ უნივერსიტეტში დაამთავრა. დღეს უკვე კომპანია „აგროსფეროს“ სტიპენდიატია. იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია გიორგი დავლიანიძემ ეს პროფესია და რას ნიშნავს მისთვის უმსხვილესი აგროკომპანიის სტიპენდიატობა, ინტერვიუში გვესაუბრება.


როდის გადაწყვიტეთ ამ მიმართულების არჩევა მომავალ პროფესიად?

ეს პროფესია გააზრებულად მეცხრე კლასიდან ავირჩიე და 2016 წელს ჯერ ბაკალავრიატში ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა–მევენახეობის ფაკულტეტზე, 2020–ში დავამთავრე. იმავე წელს აქვე ჩავირიცხე მაგისტრატურაზე აგრონომიის მიმართულებით.

რატომ მაინცდამაინც ეს პროფესია – მშობლები ამ სფეროში მოღვაწეობენ, თუ რამ გიბიძგათ ამ დარგისკენ?

ოჯახის არცერთი წევრი პროფესიით ახლოსაც კი არ არის აგრარულ სექტორთან არათუ მშობლები, არც ბებიები და ბაბუები. სულ იურისტები და პედაგოგები არიან. ამ სფეროსკენ უფრო იმან მიბიძგა, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ბუნებასთან ურთიერთობა, მათ შორის სოფლის მეურნეობა და ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, ამ სფეროში ვიმუშავებდი. სწავლის პერიოდშივე, 18 წლის ასაკიდან დავიწყე მუშაობა აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორატორიაში და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო პროექტებში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კვლევებს, ნიადაგის ნაყოფიერების მართვას და ფერმერებისთვის კულტურების მოვლა–მოყვანაზე რეკომენდაციების მიცემას.

შევიტყვეთ, რომ თქვენ გახდით კომპანია „აგროსფეროს“ სტიპენდიატი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და საერთოდ როგორ შეიტყვეთ ამ ინიციატივის შესახებ?

უნივერსიტეტში მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ასეთი კონკურსი. ჩვენი სტუდენტებისთვის ასეთი შესაძლებლობა პირველი იყო, რომელსაც კერძო კომპანია კერძო უნივერსიტეტში გვთავაზობდა. მთავარი მოთხოვნა იყო აკადემიური მოსწრება და ამის შემდეგ გავიარეთ გასაუბრება. ამ გასაუბრების შემდეგ გამოგვავლინეს ის სტუდენტები, თუ არ ვცდები სულ 3 სტუდენტი ვართ, ვინც „აგროსფეროს“ სტიპენდიატები გავხდით.

თქვენთვის, როგორც მაგისტრატურის სტუდენტისთვის, რას ნიშნავს, იყოთ სტიპენდიატი?

თავისთავად, ეს ძალიან კარგი ფაქტია. ჩვენი სწავლის პერიოდში პირველად მოხდა, რომ კერძო კომპანიას კერძო უნივერსიტეტში დაგვინიშნა სტიპენდია. ეს ჩემთვის პირადად კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ შრომა ფასდება და უფრო თავდაჯერებული გავაგრძელებ სწავლას და მუშაობას.

კერძო სექტორის მხრიდან ასეთი პროექტებით მხარდაჭერა აგრარული დარგის სტუდენტებისთვის რამდენად გაზრდის აბიტურიენტების დაინტერესებას ამ მიმართულებით?

არ ვიცი, რამდენად ჩააბარებენ აქ მხოლოდ იმის გამო, რომ სტიპენდია შეიძლება მიიღონ, მაგრამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს უკვე ამ მიმართულების არჩევა და მითუმეტეს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ საქმეს, კარგი წინაპირობაა სტიმულის ასამაღლებლად მეტი ინტერესი გაუჩნდებათ. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ისეთი კომპანია, როგორიცაა „აგროსფერო“, დებს ინვესტიციას განათლებაში. კომპანიის შესახებ მანამდე მქონდა გარკვეული ინფორმაცია იგივე ფერმერებისგან, ვისთანაც გვიწევს თანამშრომლობა. თუმცა, როდესაც კომპანიაში მივედით, აღფრთოვანებული დავრჩი და ძალიან მიხარია, როდესაც საქართველოში ვხედავ კომპანიას, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს ფერმერს.

სად ხედავთ თქვენ თავს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

ალბათ უფრო სტაბილური საქმიანობა მექნება, საკუთარი წარმოების შექმნას ვგეგმავ მევენახეობა–მეღვინეობის მიმართულებით. ეს იქნება ჩემი ბიზნესი რაჭაში, სადაც მაქვს კარგი მიწის ნაკვეთი მევენახეობისთვის და გაფართოებასაც ვაპირებ. ვფიქრობ, არა მხოლოდ ალექსანდროულის მოყვანაა საინტერესო, რომლისგანაც ნახევრად ტკბილი ღვინო დგება, არამედ კიდევ უფრო მეტი პოტენციალის ათვისება, რომელიც რაჭაში არსებობს. მაგალითად, ძალიან საინტერესო ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშები არსებობს, რომლებისგანაც მშრალი ღვინოები დგება. ასეთი საინტერესო მეურნეობის გასამართად რესურსიც არსებობს უკვე ქვეყანაში სხვადასხვა პროგრამების სახით, მათ შორის ზოგიერთი საგრანტო პროგრამაა, ზოგიც შეღავათიანი კრედიტის სახით გაიცემა და ვფიქრობ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

სამეცნიერო საქმიანობაში პრაქტიკულად სწავლის დაწყებიდან ჩაერთეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებისთვისაც დაგრჩებათ მომავალში დრო?

რა თქმა უნდა, უკვე 5–წლიანი სტაჟი დამიგროვდა სამეცნიერო საქმიანობის და ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ გარკვეულ საქმიანობას. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი ვითარება, რომ სამეცნიერო საქმიანობით უზრუნველყო ოჯახი და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ პარალელურად აუცილებლად განვავითარებ საკუთარ ბიზნესს.