მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროტურიზმის კანონპროექტი ტურიზმის და ფერმერთა შესახებ კანონებში „ჩაინსტალირდება“

602b82e326805
ინგა მურუსიძე
16.02.21 13:50
1143
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ მე-9 მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული იმით ახსნა, რომ მუშაობა მიდის ტურიზმის შესახებ კანონის შექმნაზე, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აგროტურიზმის კანონპროექტის ჩარჩო-დოკუმენტზე ფერმერთა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ISET-თან და მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად ერთად წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა, მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ კი მედიიდან შეიტყვეს, რამაც ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის გაღიზიანებაც გამოიწვია. "შრომა წყალში ჩაიყარა... იმის ღირსიც არ ვართ, გვითხრან, რატომ შეწყვიტეს საკითხის განხილვა?... ინიცირებულია კანონპროექტი, რომელზეც RIA-ც კი გაკეთებულია, ყველაფერი წერია და მხოლოდ ამის თქმა, რომ აღარ განვიხილავთ, მიუღებელია. სახელმწიფო აანონსებს, რომ აგროტურიზმი არის პრიორიტეტი. მაშინ რატომ არის ყველა პროექტი მიმართული აქეთ, თუკი პარლამენტისთვის უმნიშვნელოა?“, - აცხადებდა ნინო ზამბახიძე.

თემაზე bm.ge-მ მეტი განმარტება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, რადგან სწორედ აღნიშნული კომიტეტი იყო წამყვანი და გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს. დავით სონღულაშვილი BM.GE-ისთან საუბარში ირწმუნება, რომ „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე გაწეული "შრომა წყალში არ ჩაყრილა" და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ტურიზმის შესახებ კანონში, რომელზეც დარგობრივი კომიტეტი ახლა მუშაობს.

თავის მხრივ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „აგროტურიზმის შესახებ“ უკვე დაწერილი კანონპროექტი ორ ნაწილად გაიყო და ერთი ნაწილი „ფერმერთა შესახებ“ ახალ კანონში აისახება, ხოლო მეორე ძირითად კანონში ჩაინსტალირდება, რომელიც ტურიზმის სფეროს სრულად მოიცავს".

„ჩვენთვის, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტისთვის, ის თემები, რომლებიც ამ კანონპროექტში იყო გათვალისწინებული ფერმერული მეურნეობების რეესტრთან, მათი წარმოებების წახალისების, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის ტურიზმის სექტორში გამოყენებათან დაკავშირებით, საკვანძოდ მნიშვნელოვანი საკითხებია და მეორე მხრივ, დარგობრივ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული ტურიზმის თემები, რაც ობიექტური ახსნა იყო კომიტეტის მხრიდან, რომ მუშავდება „ტურიზმის შესახებ“ კანონი და არალოგიკური იქნებოდა მის მიღმა სექტორული კანონის მიღება. ამიტომ მესმის, რომ ობიექტური გარემოებები არსებობდა, თუმცა ამ ფაქტის შემდგომ, როცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში აღარ მოხდა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება, ჩვენ თავად "ფერმერთა ასოციაციას" ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ფერმერებთან, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასთან და ამ პროდუქციის ტურიზმის სექტორში გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა პუნქტი იქნება გადატანილი „ფერმერული მეურნეობის შესახებ კანონში“, რომელზეც მუშაობასაც ვიწყებთ და უკვე გვყავს სათანადო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაცია შერჩეული, რომელიც ექსპერტული რესურსით მოგვამარაგებს, ხოლო მეორე მხრივ, აგროტურიზმის საკითხები იქნება ასახული იმ კანონში, რომელიც იწერება და ტურიზმს მოიცავს სრულად“, - განმარტავს ნინო წილოსანი.

დეპუტატის თქმით, საკითხზე სრული შეთანხმება არსებობს მონაწილე მხარეებთან, მათ შორის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძესთან, რომელთან თანამშრომლობაც ნინო წილოსანს „საკვანძოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია“.

„ამდენად, ორ ნაწილად გაიყო აგროტურიზმის კანონპროექტი - ერთი მხრივ, ფერმერული მეურნეობების წახალისებასთან დაკავშირებული კომპონენტი ასახული იქნება ჩვენს ახალ კანონპროექტში ფერმერული მეურნეობის შესახებ, ხოლო აგროტურიზმის კომპონენტები სრულად იქნება ჩაინსტალირებული დიდ, ტურიზმის შესახებ კანონში; ასე რომ, სრული შეთანხმება გვაქვს მონაწილე მხარეებთან, მათ შორის ნინო ზამბახიძესთან, რომელიც ჩვენი სფეროს ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია და მასთან თანამშრომლობა საკვანძოა როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად აგრარული კომიტეტისთვის“, - ამბობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.