მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

5ff959fb4f7c0
BM.GE
09.01.21 11:22
843
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის განმავლობაში, მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვისა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, საქმისწარმოების რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა და ყველა სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადა.

დღეის მდგომარეობით, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული საქმისწარმოება, ქონების შეფასება, ფაქტების კონსტატაცია და სხვა სააღსრულებო თუ არასააღსრულებო სერვისების მიღება, განცხადებების რეგისტრაცია და პასუხების მიღება, შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან ვებ-პორტალის - my.gov.ge - საშუალებით.

2020 წლის განმავლობაში, ელექტრონულ სერვისებთან ერთად, ბიუროს მთავარი მიმართულება კვლავ დავების მორიგებით დასრულება იყო. გასული ერთი წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 8 627 საქმე. მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით ასეთია:

 სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოების ჯარიმების შემთხვევაში - 6 292 საქმე, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 73%-ს შეადგენს;
 ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში - 151 საქმე, რაც 99 პროცენტს შეადგენს;
გარდა ამისა, 2020 წლის მანძილზე:
 შეწყდა 449 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
 დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 3 864 ერთეული.
 ჯამში დასრულდა 94 155 სააღსრულებო წარმოება.

მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. 2020 წლის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 17 544 საქმე. მათ შორის მორიგება შედგა 2 169 შემთხვევაში.

გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის სერვისი და მოლოდინის რეჟიმი მინიმუმამდე შემცირდა. 2020 წლის კონსულტაცია გაეწია 375 715 ათასამდე მოქალაქეს. მათ შორის:

 სატელეფონო კონსულტაცია მიიღო 323 362 მოქალაქემ, რაც რამდენიმე ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით;
 ელექტრონული ფოსტით კონსულტაცია მიიღო 44 024 მოქალაქემ.

იზრდება ცნობადობა და, შესაბამისად, მოთხოვნა ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას ფოტო-ვიდეო გადაღებით, ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში. 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1194 ფაქტის კონსტატაცია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის კვლევის - ,,Doing business 2020"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-12 ადგილზეა, ხოლო გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კუთხით - 64-ე ადგილზე. "Doing business“-ის რეიტინგის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლია, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს.

(R)