17.სექტემბერი .2020 12:30

„აგვისტო-სექტემბერში იპოთეკური სესხების 30-35% „წახალისების პროგრამით“ დაფინანსდა“

views 202
უკან

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით,  აგვისტო-სექტემბერში იპოთეკური სესხების 30-35% სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებით დაფინანსდა. 

„რაც შეეხება სექტემბრის რამდენიმე კვირის იპოთეკების მონაცემებს, წინა თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით მაჩვენებლები უკეთესია. გასულ წელთან შედარებით მონაცემები არის გაზრდილი. თიბისი კაპიტალის კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს მთავრობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 200 000 ლარამდე იპოთეკური სესხის წახალისებას. ჩვენს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ აგვისტო-სექტემბერში გაცემული სესხების დაახლოებით 30-35% მთლიანად ამ პროგრამით იყო დაფინანსებული“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ინფორმაციისთვის, 1 ივლისიდან, თიბისი „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელია იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით სარგებლობა.

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ ბინებზე ვრცელდება.  ხოლო სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე.

პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.  სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 2020 წლის 31 დეკემბერია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა