მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტო-სექტემბერში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან $700 მილიონით შემცირდა

5f88602fd8573
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.20 19:30
1464
გასული თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა მხოლოდ $15.6 მილიონი დოლარი დახარჯეს, ეს 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 95%-ით ნაკლებია - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

მხოლოდ ბოლო ორი თვის - აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან წლიურ ჭრლში $700 მილიონი დოლარით არის შემცირებული. უფრო დეტალურად - სექტემბერში ტურიზმის შემოსავლების კლებამ 303 მილიონი დოლარი, აგვისტოში კი 397 მილიონი დოლარი შეადგინა. 

2019 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 9.36 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი მიიღო, რომელთაგან 5 მილიონი ვიზიტი ტურისტული ხასიათის იყო. ამ ტურისტებმა ქვეყანაში $3 მილიარდზე მეტი დახარჯეს. 

გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. 

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% - სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი, ქვეყანას ვიზიტორთა 2% ეწვია.

15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:


1 თურქეთი - 18 540 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
2 სომხეთი - 9 770 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,4% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 5 318 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,9% ;
4 რუსეთი - 4 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,0% ;
5 აზერბაიჯანი - 3 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,3% ;
6 უზბეკეთი - 1 525 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6,3% ;
7 უკრაინა - 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,2% ;
8 ბელარუსი - 971 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,4% ;
9 ამერიკის შეერთებული შტატები - 744 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7% ;
10 გერმანია - 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8% ;
11 ყაზახეთი - 541 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
12 საფრანგეთი - 429 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,1% ;
13 ლატვია - 274 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,1% ;
14 ბულგარეთი - 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,8% ;
15 ტაჯიკეთი - 244 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,8%.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 3,353-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო. 

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კაცია.