მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოდან PCR ტესტებზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა – "ციტო"

5fa18671a69a8
ანუკა ჯოხაძე
03.11.20 23:00
1979
აგვისტოდან PCR ტესტირებაზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ის სამედიცინო ცენტრ “ციტოს” გენერალურმა მენეჯერმა გიორგი სალდაძემ განუცხადა. როგორც სალდაძე ამბობს, დღის განმავლობაში “ციტოში” 800 PCR ტესტი კეთდება. მისი თქმით, ბოლო დროს ხდება ისეც, რომ დაფიქსირებულ მოთხოვნას ლაბორატორია ვერ პასუხობს შესაბამისად, რის გამოც პაციენტების სხვადასხვა ლაბორატორიებში გადამისამართება ხდება.

“ერთ დღე-ღამეში ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ 800 სრულყოფილი ანალიზი. აქ არის საკმაოდ რადიკალური განსხვავება – არის სკრინინგ ჯგუფები და რისკ ჯგუფები. რისკ ჯგუფების ტესტირება ხდება საცალოდ, სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, გამოდის რომ სულ რისკ ჯგუფები რომ გვყავდეს, შევძლებთ დღე-ღამეში მხოლოდ 1000 პაციენტის მომსახურებას. როცა ხდება მასობრივი სკრინინგი, მაგალითად დაწესებულებებში, ამ შემთხვევაში არის ჯგუფური ტესტირება, აქ შეგვიძლია რეალურად დიდი რაოდენობით პაციენტს ჩავუტაროთ ტესტი მოკლე დროში. თუ დაფიქსირდება ინფიცირებული, ეპიდემიოლოგები განსაზღვარავენ ზონას და ამ ზონის გატესტვა ხდება უკვე როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯგუფის. ეს ქვეყანას აძლევს საშუალებას რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით პაციენტი გაიტესტოს იმისთვის რომ მაქსიმალურად მოხდეს მიკვლევადობა იმ ადგილების, სადაც არის ინფიცირება", - ამბობს გიორგი სალდაძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა, სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად გვხვდება სხვადასხვა პრობლემის ნუსხა, რომელსაც შესაძლო ინფიცირებულები მკურნალობის პროცესში ხვდებიან. პრობლემებს შორისაა PCR ტესტების საკითხიც. როგორც პაციენტები ამბობენ, ლაბორატორიები გადატვირთულია, შესაბამისად, მათ ხშირად რიგებში ყოფნაც უწევთ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში 30 ლაბორატორია მუშაობს და კორონავირუსზე ტესტების ჩატარების კუთხით ისინი აკმაყოფილებენ იმ მოცულობებსა და გამტარობას, რაც ქვეყნისთვის საჭიროა. ტიკარაძის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები არამიზნობრივად იკეთებენ PCR-ტესტებს, რაც ლაბორატორიებში რიგებს ქმნის.