მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

610e4af8b0e0a
ინგა მურუსიძე
07.08.21 12:54
983

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.

13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.