მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ბათუმის აეროპორტიდან შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 80.6%-ით იკლო

5d9da357496e2
ლიკა გურაბანიძე
09.10.19 13:20
1050
მიმდინარე წლის ივლისში ბათუმის აეროპორტიდან რუსი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 42.6%-ით შემცირდა, ხოლო აგვისტოში კი კლებამ 80.6% შეადგინა. ამის შესახებ BM.GE-სთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"მიმდინარე წლის 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიურად იმოქმედა აჭარაში ტურისტულ სეზონზე და ყველაზე მეტად საქართველოს ზღვისპირა რეგიონი დააზარალა, მაშინ როცა, ჯერ კიდევ ივნისის თვეში სარფის და ბათუმის აეროპორტების სასაზღვრო პუნქტში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდამ +39.2% შეადგინა, ივლისის თვეში ზრდის პროცენტი -33.1% ერთეულით შემცირდა და მხოლოდ 6.1% შეადგინა, ხოლო აგვისტოს თვეში შემცირება -36.9% ერთეულს შეადგენდა და დაფიქსირდა მხოლოდ 2.3%-იანი ზრდა.

რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებამ რუსი ვიზიტორების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია", - განმარტებულია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ზრდის ტემპის მკვეთრმა შემცირებამ ზაფხულის სეზონზე შავი ზღვისპირა რეგიონში მცირე და საშუალო სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ტურისტული კომპანიები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები დააზარალა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წლის პირველ 9 თვეში ჯამურად, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა (ზრდა წინა წელთან 8.7%, რაოდენობა - 1,205,974) ხოლო კონკრეტულად ზაფხულის სეზონის განმავლობაში კი, რუსეთიდან 68,000-ით იკლო ვიზიტებმა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის 9 თვეში საქართველომ 7,237,560 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტს უმასპინძლა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებით 449,183-ით ანუ 6.6%-ით მეტია.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.2 მლრდ მიიღო.