04.ივლისი .2020 19:20

აგვისტოში რეგულარული ფრენების აღდგენა არარეალურია – იგორ აფციაური

views 5983
უკან

ქართული საავიაციო კომპანია “აერო ჯორჯია ჯგუფის" დამფუძნებელი იგორ აფციაური მიიჩნევს, რომ აგვისტოში საქართველოდან რეგულარული ავიარეისების აღდგენა არარეალურია. ამის შესახებ მან "TV პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ აპრილსა და მაისშიც სკეპტიკურად ვუყურებდით რეგულარული ავიარეისების აღდგენას. ჩემი მოსაზრებით, ეს არა მგონია იყოს აგვისტოსა და სექტემბერშიც, რადგან ავიაციაში და ტურიზმში გარკვეული დროა საჭირო გაყიდვებისთვის, მგზავრების მობილიზაციისთვის. ეს მინიმუმ ერთი–ორი თვით ადრე ხდება ხოლმე, მით უმეტეს ასეთ რთულ პერიოდში, როგორიც ახლა არის. მგზავრები ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე ფრენებს, შიშის ფაქტორიც არის, ამიტომ ამას სჭირდება გარკვეული დრო.

შესაბამისად, როცა ვამბობთ, რომ პირველი აგვისტოდან გაიხსნება, მართლა რომ გაიხსნას, დატვირთვა 30–40% შეიძლება იყოს მაქსიმუმ, ამიტომ არარეალურია. ვფიქრობ, რომ არ იქნება ისეთი ტიპის რეგულარული რეისები, როგორიც გასულ წელს იყო. ვფიქრობ, ეს იქნება გარკვეული ტიპის ჩარტერებით ორგანიზებული როგორც რეპატრიაციული რეისები, როგორც ახლა ჩვენ ვიცით, რომ ორშაბათიდან იწყება და ასევე, შეიძლება სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის მიერ ორგანიზებული ჩარტერებიც განხორციელდეს", – მიიჩნევს იგორ აფციაური.

მისივე მოსაზრებით, ავიაბიზნესს პოზიციების აღდგენისთვის მინიმუმ ორი წელი დასჭირდება.

ცნობისთვის: საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა პირველ ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა მთავრობამ ივნისის ბოლოს მისი აგვისტომდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა მიმდინარე წლის აგვისტოდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია. 

შეგახსენებთ, რომ ამ ფონზე Wizz Air-მა საქართველოში მისი ბაზის საქმიანობა დროებით შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა