მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 7.5%-ით შემცირდა

5f5f196d09fb6
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.20 11:19
874
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $292.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ლარებში 900 მილიონ ლარს შეადგენს. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ქართული ექსპორტის მოცულობა წლიურ ჭრილში $23.7 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით არის შემცირებული. 

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ექსპორტის შემცირებაზე უფრო დიდი იმპორტის მოცულობის ვარდნა იყო. 2019 წელთან შედარებით იმპორტი 19.3%-ით, ანუ $153.8 მილიონი დოლარით არის შემცირებული და ის $643.3 მილიონ დოლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ჯამურად იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებს, ექსპორტი $2.07 მილიარდი დოლარი იყო (14.7%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი $4.95 მილიარდი აშშ დოლარი (17.5%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში $2.88 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტი შეადგინა.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი დასახელების საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის კლებამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შემცირება. ასევე უცნობია თუ რა ნაწილი ეჭირა აგვისტოში რეექსპორტს მთლიან ექსპორტთან მიმართებით. აღნიშნულ მაჩვენებლებს საქსტატი 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.