23.მაისი .2020 13:30

AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი: COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე იქნება

views 772
უკან

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს 100 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ამ თანხის მიზნობრიობისა და ჩვენს ქვეყანაში, COVID-19-ის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში "ანალიტიკა", AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ ექსკლუზიურად ისაუბრა.

მოგესალმებით, ბატონო კონსტანტინ. პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც უნდა დაეხმაროთ?

ჩვენ, მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოს ვეხმარებით 100 მილიონი დოლარის ევროს ეკვივალენტით და ორი მთავარი მიზანი გვაქვს: პირველი - გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მეორე - შევქმნათ აუცილებელი და დაკავშირებული სოციალური სარგებელი ღარიბი და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის.

რა აქვს AIIB-ის იდენტიფიცირებული, როგორც ყველაზე მთავარი საჭიროება დღეს საქართველოს შემთხვევაში ჯანდაცვის კუთხით? უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა მიზნებისთვის არის გამოყოფილი თქვენი დახმარება ჯანდაცვის ნაწილში... 

აქ ორი მთავარი კომპონენტი გვაქვს: პირველი - კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და შეკავება - აქ ძირითადად ვგულისხმობთ, პირადი დაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, მასალებს, მედიკამენტებს, ნიღბებს და ა.შ; მეორე კომპონენტი უფრო ამ შემთხვევების მართვას უკავშირდება - აქ იგულისხმება ინტენსიური თერაპიის განყოფილებების საჭირო რეაბილიტაცია და აღჭურვა; შერჩეული საავადმყოფოების გამტარუნარიანობის გაზრდა; კოვიდ-19-თან დაკავშირებული აპარატურის - მათ შორის, ბრონქოსკოპების, სასუნთქი აპარატების და ა.შ. შესყიდვა.

ვინაიდან ახსენეთ, რომ შერჩეულ საავადმყოფოებთან მოხდება თანამშრომლობა, ხომ ვერ გვეტყვით რამდენიმეს, რომელიც უკვე შერჩეულია?

ამ არჩევანს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. შემდეგ, ჩვენ დავეხმარებით მათ მათი საქმიანობის გამართვაში - როგორც ტექნიკურად, ინფარსტრუქტურის თვალსაზრისით, ისე საჭირო აპარატურით აღჭურვის გზითაც.

რას გულისხმობს უფრო დეტალურად ის ნაწილი, რასაც თქვენ ცოტა ხნის წინ ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ნაბიჯები უწოდეთ? პრესრელიზშიც მიიქცია ყურადღება იმის აქცენტირებამ, რომ AIIB-ის ეს დახმარება უნდა მიწვდეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს...

ეს ღარიბი ოჯახები დღეს ლოქდაუნში არიან. ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა. ჩვენ ამ დახმარებით გვინდა, ამ ადამიანებს დავეხმაროთ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლოქდაუნი უკვე თითქმის სამი თვეა, რაც გრძელდება. საქართველოში დასაქმების სტრუქტურას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ აქ ადამიანებს ძირითადად კერძო სექტორი ასაქმებს. საქართველოში ბევრია მცირე და საშუალო ზომის კომპანია, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ. ბევრი ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც საკუთარი ძალისხმევით აგროვებს შემოსავალს - ესენიც ლოქდაუნში აღმოჩნდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდ-19-მდეც მოწყვლად ჯგუფებად ითვლებოდნენ და მათთვისაც, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა.

AIIB-ი თავად გასწევს ამ თანხების განკარგვის მონიტორინგს, თუ რაიმე სხვა მექანიზმი აქვს არჩეული, რაც დაარწმუნებს, რომ ეს თანხები ნამდვილად ყველაზე მოწყვლად ოჯახებამდე მივა?

ჩვენ ამ სესხებს გავცემთ ჩვენი შუამავლების, კომერციული ბანკების მეშვეობით. ჩვენ წინასწარ შევისწავლეთ სამინისტროს და ჩვენი პარტნიორი ბანკების კომპეტენციები და შესაძლებლობები ამ ნაწილში და ასევე, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონსულტანტებით დახმარებასაც მთელი ამ პროექტის იმპლემენტაციის მანძილზე.

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, რა არის ამ დახმარების ყველაზე მთავარი მიზანი AIIB-ისთვის - რა გაზომვადი შედეგი სურს, დაინახოს საქართველოს შემთხვევაში?

ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, უფრო მყისიერად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რაც შეიძლება კოვიდ-19-ის გამოვლენას და მართვას უკავშირდებოდეს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტის დასრულებისთვის, ეს ასეც იქნება.

როცა საქართველო დაიწყებს ეკონომიკის გახსნას, ის ბევრად უფრო მომზადებული იქნება ნებისმიერი მეორე თუ მესამე ტალღისთვის და ზოგადად, მომავალში, კაპიტალიზებას მოახდენს ძლიერ ჯანდაცვის სექტორზე, რადგან ბევრად უფრო მარტივად შეძლებს, თვალი გაუსწოროს ნებისმიერ ახალ გამოწვევას, თუ ახალ ეპიდემიას.

დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ჯამში, როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის პასუხს - როგორ მართა მთავრობამ კოვიდ-19 საქართველოში?

ძალიან მიხარია, რომ საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ წარმატების ისტორიაზე, ისე შემიძლია დღეს საუბარი. შემთხვევების მცირე რაოდენობა და კიდევ უფრო მცირე რაოდენობით გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად მიაქცია ყურადღება პრობლემას და დროულად შეაკავა ვირუსის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ მოწყვლადი რჩება და აქ გაძლიერების საჭიროება აშკარად გამოკვეთილია. საქართველოს მთავრობას ნამდვილად შეგვიძლია ტაში დავუკრათ იმ ნაწილში, რომ ვირუსის მასშტაბურად გავრცელება აღკვეთა, მაგრამ დღეს და მომდევნო თვეების განმავლობაში, მოვა დრო, როცა თვალი უნდა გაუსწოროს ეკონომიკურ შედეგებს და საქართველოზე ეს გავლენა მძიმე იქნება.

ანუ დღეს მთავარი გამოწვევა, ადამიანების ჯანმრთელობაზე მეტად ის ეკონომიკური დარტყმაა, რასაც ისინი ამ პანდემიის შედეგად მიიღებენ - ამას ამბობთ?

უდავოდ. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია კერძო სექტორის აქტივობასა და მის განვითარებაზე, ამიტომ ეს უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი უკვე მნიშვნელოვნად იგრძნობა. ვფიქრობ, დღეს პოლიტიკის მთავარი სამიზნე სწორედ ამ უარყოფითი გავლენის განეიტრალება უნდა გახდეს.

და აქ ხედავთ თქვენ, როგორც მივხვდი, მთავარ კავშირს: ეკონომიკა გაიხსნას და ამასთან, ამ გახსნას მზად დახვდეს ჯანდაცვის სექტორი, როგორც გადამზღვევი. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ხედვისთვის და მხარდაჭერისთვის. ოპტიმისტურად რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი. დღეს ცოტა რთულია შესაძლებლობებზე კონცენტრირება, როცა გამოწვევები ჯერ კიდევ ძალიან აშკარაა, მაგრამ თქვენ, როგორც AIIB-ის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოში აქვს თავისი ინტერესები იგივე სატრანსპორტო მიმართულებით, მწვანე ენერგიის მიმართულებით და ა.შ, ხედავთ თუ არა ამ ქვეყნისთვის შესაძლებლობებსაც უკვე პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როცა ის დადგება?

დიახ. ჩვენ ამ ქვეყანაში ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. დღეს კოვიდ-19-ზე პასუხის კუთხით დახმარება დადგა დღის წესრიგში და ჩვენ ამ გამოწვევას ოპერატიულად ვუპასუხეთ. ველოდებით იმ დროს, როცა ჩვენი მთავარი მანდატით დავბრუნდებით და ეს არის ჩვენი ჩართულობა ამ ქვეყნის დაკავშირებულობის ზრდაში, მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით. დღესაც ბევრ შეთავაზებას განვიხილავთ და პრინციპში, არც ამ პერიოდის განმავლობაში შეგვიწყვეტია ეს პროექტები.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა