მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აიკონია კაპიტალს" ადგილმონაცვლეობასთან ერთად მერია კომპენსაციასაც გადაუხდის”

602d261187a2f
BM.GE
17.02.21 23:30
573
“აიკონია კაპიტალს ადგილმონაცვლეობასთან ერთად მერია კომპენსაციასაც გადაუხდის”-ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, აღნიშნული შეთავაზება თბილისის მერიამ იპოდრომთან 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობის მსურველ კომპანია "აიკონია კაპიტალს" აქამდეც შესთავაზა. თუმცა, ხმალაძის მტკიცებით, ამერიკელი ინვესტორი შეთავაზებაზე უარს აცხადებდა.

“როცა "აიკონია კაპიტალთან" მოლაპარაკება ვაწარმოეთ, მაშინაც დადგა კომპენსაციის საკითხი. კომპენსაციის სრულ პაკეტს ისინი უწოდებენ იმ დანახარჯებს, რომელიც წლების განმავლობაში, დავის პერიოდში გასწია კომპანიამ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და კვლავ დარჩება, რომ სამართლიან კომპენსაციას მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის გზით მუნიციპალიტეტი გადაიხდის, იმისთვის, რომ მშენებლობა არ დავუშვათ. თუმცა კომპანიის ბოლო პოზიცია, რომელიც წერილობითაც აქვთ დადასტურებული არის ის, რომ ისინი წლების მანძილზე გეგმავდნენ ამ ინვესტიციას და მათ ინტერესში არ შედის სხვა მიწის ნაკვეთზე გადაერთონ და სხვა მიწის ნაკვეთზე დაგეგმონ მშენებლობა”, - აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, კომპანიის ერთადერთ მეწილედ სეტ ედვარ ჩარი ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, მან როგორც ინვესტორმა შვიდი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი ნახა.

უცხოელი ინვესტორი ამბობს, რომ მან ეს მიწის ნაკვეთი სამართლებრივად შეისყიდა და ეს ყველაფერი დოკუმენტაციით დასტურდება. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ყველანაირი უფლება აქვს ადგილზე მშენებლობა დღესვე დაიწყოს, თუმცა თბილისის მერიაში ჩანიშნულ მორიგ შეხვედრას მაინც ელოდება.

როგორც ჩანს ინვესტორს არც ადგილმონაცვლეობის საკითხი ხიბლავს, თუმცა თუ თბილისის მერია ადგილმონაცვლეობასთან ერთად საკონპენსაციო პაკეტს შესთავაზებს, ამაზე იფიქრებს.

“ადგილმონაცვლეობა თბილისის მერიამ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ინტერესების გამო არაერთხელ შემოგვთავაზა, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ არაერთი ხარჯი გასწია. უბრალოდ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება და მიწა გადავცვალოთ მარტივად, ეს არასდროს მოხდება. თუმცა თუ თბილისის მერია ადგილმონაცვლეობასთან ერთად საკონპენსაციო პაკეტს შემოგვთავაზებს, რომელიც სრულად გააერთიანებს იმ ხარჯებს, რაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში გავიღეთ და ასევე პროექტის სრულ ღირებულებასაც მოიცავს, ამ წინადადებაზე გპირდებით რომ დავფიქრდები", - ამბობს "აიკონია კაპიტალის", დამფუძნებელი სეტ ედვარდ ჩარი.

რა რაოდენობის საკომპენსაციო თანხას შესთავაზებს თბილისის მერია ინვესტორს და დათანხმდება თუ არა ამერიკელი ინვესტორი შეთავაზებას ეს მოლაპარაკების საგანია, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარე კვირის ხუთშაბათსაა ჩანიშნული.