მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Balloon Tbilisi – ახალი ტურისტული ლოკაცია თბილისში - რა ღირს საჰაერო ბურთით აფრენა

5f36918ada62a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 18:40
14678
თბილისის ცენტრში, რიყის პარკში 1 აგვისტოდან ახალი ტურისტული ლოკაცია Air Balloon Tbilisi გაჩნდა, რომელიც მსურველებს 150 მეტრის სიმაღლიდან ძველი თბილისის დათვალიერებას სთავაზობს.

როგორც BM.GE-ის კომპანია Air Balloon Tbilisi-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ თევზაძემ უთხრა, ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება და საჰაერო ბურთის მაქსიმალური ტევადობა 30 ადამიანია. მისივე თქმით, ადგილობრივების მხრიდან ტურისტული ლოკაციის მიმართ ინტერესი დიდია.

„ფრენის ხაგრძლივობა 15 წუთია, ხოლო სიმაღლე 150 მეტრი. ფრენის ღირებულება ადგილობრივი ტურიზმის წახალისების მიზნით აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის 35 ლარია, ბავშვების ბილეთი 25 ლარი ღირს, ხოლო უცხოელი ტურისტების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება 50 ლარია.

იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო ტურიზმი გააქტიურდება და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ თევზაძემ.

კომპანიის მმართველი პარტნიორი ყვება, რომ კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს დავით კოპაძეს თბილისში საჰაერო ბურთის ამოქმედების იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ კი 4.5 მლნ ლარი შეადგინა.

„თბილისში საჰაერო ბურთის ამოქმედების იდეა გაუჩნდა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს დავით კოპაძეს, როდესაც მან ორლანდოში მოგზაურობისას დისნეილენდში ყოფნისას ნახა ეს გასართობი ლოკაცია. მან იფიქრა, რომ თბილისში ასეთი საჰაერო ბურთის გაშვება კარგი იქნებოდა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანია Aerophil-თან, რადგან ეს კომპანია ერთ-ერთი გამოცდილია ამ კუთხით.

საჰაერო ბურთი მასში გაშვებული ჰელიუმის აირის საშუალებით ადის მაღლა. სპეციალურად საჰაერო ბურთისთვის 6.5 ტონა ჰელიუმის გაზი საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანეთ.

საჰაერო ბურთის მოწყობილობა ფრანგულ კომპანია Aerophil-ს ეკუთვნის, სადაც ასევე ჩვენმა მფრინავებმა გადამზადება გაიარეს და მიიღეს ფრენისთვის აუცილებელი გამოცდილება და ცოდნა. ფრენის უსაფრთხოებას აკონტროლებს როგორც ჩვენი, ასევე ფრანგული Aerophil-ი“, - უთხრა BM.GE-ის მარიამ თევზაძემ.

მისივე თქმით, საჰაერო ბურთი წლის ნებისმიერ დროს იფუნქციონირებს, თუმცა უამინდობის დროს ქარის შემთხვევაში ის არ იმუშავებს.

კომპანია Aerophil-ს 1993 წელს დაარსდა და დღეისთვის მხოლოდ საჰაერო ბურთის პროექტი 35 ქვეყანაში 80-ზე მეტ ქალაქში აქვს განხორციელებული, მათ შორის აშშ-ისა და საფრანგეთის დისნეილენდებში.