მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb: ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია გრძელვადიან ჭრილში

5f5218f178726
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.20 20:41
1035
ბინების გაქირავების პოპულარული პლატფორმა Airbnb-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა, მხოლოდ გრძელვადიან ჭრილში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ჩესკის განცხადებით, პანდემიის ფონზე ახალი ტრენდი დაფიქსირდა, რაც მოგზაურობის და ხანგრძლივად ცხოვრების შერწყმას გულისხმობს.

„Airbnb-ზე ბინებზე რეზერვების მოთხოვნა ივნისიდან გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ხალხმა ბინების დაჯავშნა რამდენიმე კვირით ან თუნდაც ერთი თვით დაიწყო, რაც სავარაუდოდ კარანტინით გამოწვეული მოწყენილობისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა“, – განაცხადა ჩესკიმ.

მისივე თქმით, როდესაც მოგზაურობა ჯერჯერობით ისევ დაპაუზებულია და მოსახლეობას არ შეუძლიათ საზღვრების თავისუფლად გადაკვეთა, სხდებიან მანქანებში და მიაშურებენ ისეთ ადგილებს, რომელიც მათი ძირითადი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მილის ან ცოტა უფრო მეტი მანძილის მოშორებით არის. ჩესკი აღნიშნავს, რომ ისინი იქ დიდი ხნით რჩებიან.

„ჩვენი კომპანიისთვის ეს იყო ერთგვარი სიურპრიზი და ახალი აღმოჩენა“, – განაცხადა ჩესკიმ.

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბაზრის მუდმივი ცვალებადობისა, კომპანია ისევ ემზადება IPO-სთვის.

„ჩვენ Airbnb-ის IPO-ზე გასვლას წლის დასაწყისშიც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. თუმცა ბიზნესი იმაზე ბევრად მყარი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, ასე რომ კომპანია ისევ ემზადება IPO-სთვის“, - განაცხადა ჩესკიმ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ კომპანიას დიდი ზარალი მიაყენა და Airbnb-ი იძულებული გახდა თანამშრომელთა მეოთხედი, დაახლოებით 1,900 ადამიანი, სამსახურიდან დაეთხოვა. კომპანიას ასევე ხშირად აკრიტიკებდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.