26.თებერვალი .2021 14:04

ირაკლი ღარიბაშვილი WHO-ს ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი WHO-ს ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა
views 472
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებას, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით.

„ყურადღება გამახვილდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

„მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა