31.მარტი .2020 19:50

აკაკი ცომაია: ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაჩერდეს და თანხა გაჭირვებულებზე დაიხარჯოს

views 452
უკან

ფინანსისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის იმ ჯგუფების დახმარებას აგვიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახური დაკარგეს.

„ხელისუფლება ნაბიჯების გადადგმას აგვიანებს, ეს პაკეტები უკვე მზად უნდა იყოს და საზოგადოებისთვის შეთავაზებული. არ შეიძლება ასე დაგვიანება, რადგან ყოველი დღე ძვირფასია და ყოველი მომდევნო დღე ისევ უფრო მწვავე პერიოდს და კრიზისს უკავშირდება და არაპროგნოზირებადობის დონე, ისედაც მაღალია, არ ვიცით, რა გველის და რამდენი ხანი ვიქნებით გაჩერებული და ამას ემატება ბევრი ადამიანის ფიქრი იმაზე, ხვალ რა ჭამონ და ფიქრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება რაღაცას აპირებს. ეს მეტად ამძაფრებს სიტუაციას, რადგან სჯობს, საერთოდ გვქონდეს მოლოდინი, რომ არაფერი იქნება ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმის მოლოდინი, რომ რაღაცას დააანონსებენ და ოდესღაც გვეტყვიან.

დახმარების პაკეტები ძირითადად სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნდა იყოს, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ზუსტად ვიცით, რომ სამუშაო დაკარგეს და მათ უახლოეს პერიოდში, ეს სამუშაო არ ექნებათ. პირველ რიგში, მსგავსი ადამიანების ბაზა უნდა გვქონდეს, თუ რაოდენობას ზუსტად ვერ დავთვლით, ვერ დავთვლით იმ ღირებულებას, რის დახარჯვასაც ვაპირებთ. ამის მართვა, მენეჯმენტი, სასწრაფო წესით არის საჭირო, რომ არსებობდეს მონაცემთა ბაზა.

რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, ეს ცხადია, ნიშნავს კომუნალურ გადასახადებს, პირველად საყოფაცხოვრებო და საკვებ პროდუქტებს ანუ ისეთი ტიპის დახმარებებს, რაც ადამიანებს საარსებოდ ესაჭიროებათ. ეს შეიძლება იყოს ვაუჩერული სისტემით ან სხვა მსგავსი პრინციპით“, - განაცხადა ფინანსისტმა BM.GE-სთან საუბრისას.

ამასთან, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ბევრი არასაჭირო ხარჯის შეკვეცა შეიძლება. ასევე, მისი აზრით, ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა შეჩერდეს და ეს თანხა მიზნობრივ პროგრამებზე დაიხარჯოს.

„რესურსი უნდა გამოინახოს. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი არასაჭირო ხარჯია, რასაც მთავრობა ახორციელებს და არ გვინდა ამაზე პოლიტიკური დებატების გამართვა, მათ შორის, ბევრი კორუფციული ხარჯია ცნობილი. ასევე, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც თუ კარანტინია, უნდა დაკონსერვდეს, გაჩერდეს ამ მომენტისთვის. ეს ცუდია, განა კარგია, მაგრამ ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ ტრანსფერებისთვის, მიზნობრივი პროგრამებისთვის და წერტილოვნად უნდა განვახორციელოთ ეს დახმარება ზუსტად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ამის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, სასწრაფო წესით არის გასაკეთებელი“, - მიიჩნევს აკაკი ცომაია.

შეგახსენებთ, რომ დროებით უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა, ასევე ბიზნეს სექტორის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, მთავრობისგან დახმარების სპეციალური პროგრამის მიღების მოლოდინშია. ეკონომიკის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით გეგმას უახლოეს პერიოდში წარმოადგენს, თუმცა თარიღები არ დაუკონკრეტებია.