მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ცომაია: ლარის კურსზე გავლენას მიტინგები არ ახდენს

5fa5131633040
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 13:00
1788

“ლარის კურსზე გავლენას მიტინგები არ ახდენს, არამედ მასზე გავლენა ხელისუფლების არაპროგნოზირებადობის მაღალ ხარისხს აქვს,” - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის წევრებმა ლარის გაუფასურება პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ კი ოპოზიციის მიტინგებს მიაწერეს.

ცომაია მიიჩნევს, რომ ლარმა ახალი წონასწორობის ნიშნული უნდა იპოვოს. მან ასევე დეტალურად ახსნა თუ რა იგულისხმება ხელისუფლების არაპროგნოზირებადობაში.

“ის ფაქტი, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ცხადია, ბიზნეს გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს და შესაბამისად გაურკვეველია მათ მომავალი საქმიანობა როგორ უნდა გააგრძელონ.

ასევე გაურკვეველია ისიც, როგორი იქნება ხელისუფლების მომავალი კურსი და წინ რა გველის. რამდენად შესაძლებელია მომავალში საქართველოში ბიზნესის კეთება.

ცხადია გაურკვევლობის ხარისხს პანდემიაც ზრდის - არ ვიცით მომავალში ლოქდაუნი იქნება თუ არა, ასევე ტურიზმის სექტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს, სანამ ის არ აღდგება ფიქრი იმაზე, რომ ეკონომიკაში გამაჯანსაღებელი პროცესები წავა , არარეალურია. ჩვენ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოების მასშტაბი და შემოსავლები მცირდება და ცხადია ეს ლარის კურსზე გავლენას ახდენს. შემოსავალი მცირდება და იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო კალათაში იმპორტირებული საქონლის წილი მაღალია, ეს ლარის კურსზეც აისახება ” - განმარტა ცომაიამ.

ეკონომისტმა საუბრისას ყურადღება სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დოლარის ხარჯვას ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაქვს, თუ ბაზარზე მოკლევადიანი რყევა ხდება.

“თუ ჩვენ სახეზე ეკონომიკური ვარდნის ტემპი გვაქვს, დოლარის ხარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, ლარი მაინც გაუფასურდება. სებ-მა ინტერვენციები მხოლოდ იმ დოზით უნდა განახორციელოს, რა დოზითაც ჩვენ გრანტები უცხოურ ვალუტაში მივიღეთ. როდესაც სებ-ი ინტერვენციებს ახორციელებს ის ხშირად დაგვიანებულია, ან მისი ინტერვენციები იმ შედეგებზე ვერ გადის, რაც მას ჩაფიქრებული აქვს” - განაცხადა აკაკი ცომაიამ.